თუ ცივ ამინდში, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისას ან ემოციური სტრესის დროს ბავშვს თითები მოულოდნელად ჯერ უთეთრდება, შემდეგ ულურჯდება, რასაც თან ახლავს ჩხვლეტა ან დაბუჟება — ეს რეინოს ფენომენის ნიშნებია. ამ დროს სისხლძარღვები ზედმეტად იკუმშება და თითებში სისხლის მიმოქცევა დროებით ფერხდება. შეტევა, ჩვეულებრივ, 15-20 წუთს გრძელდება.
ბავშვებში უმეტესად რეინოს პირველადი ფორმა გვხვდება, რომელიც სხვა დაავადებასთან არ არის დაკავშირებული და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა, ზუსტი დიაგნოზის დასასმელად და მეორადი პათოლოგიების გამოსარიცხად, აუცილებელია ბავშვთა რევმატოლოგის კონსულტაცია.
პედიატრიული რევმატოლოგიის ეს გზამკვლევი გასწავლით, როგორ მართოთ შეტევა სახლის პირობებში, რა უნდა გაითვალისწინოთ პრევენციისთვის და რომელი სიმპტომების დროს მიმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ.
რა არის რეინოს ფენომენი?
ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც, განსაკუთრებით თითებში, სისხლძარღვები სიცივის ან სტრესის საპასუხოდ მკვეთრად და მოულოდნელად იკუმშება. შედეგად, სისხლის მიმოქცევა მცირდება და კანი ფერს იცვლის.
შეტევის სამი ფაზა
- თეთრი: სისხლძარღვები იკუმშება, კანი ფერმკრთალი ხდება, თითები კი – ცივი.
- ლურჯი: სისხლის მიწოდება მცირდება და კანი მოლურჯო ელფერს იღებს.
- ვარდისფერი: ნორმალური სისხლის მიმოქცევის აღდგენა, კანი ვარდისფერი ან წითელი ხდება.

გამომწვევი ფაქტორები და სიმპტომები
გამომწვევი ფაქტორები:
- სიცივე;
- ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება;
- ემოციური სტრესი ან შიში.
სიმპტომები შეტევის დროს:
- თითები ფერმკრთალი ან ლურჯი ხდება;
- ვითარდება ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება;
- შეტევა ჩვეულებრივ 15–20 წუთი გრძელდება.
პირველადი და მეორადი ფორმები: რა უნდა ვიცოდეთ?
პირველადი ფენომენი (ყველაზე ხშირი):
- სხვა დაავადებებთან კავშირი არ აქვს;
- შეტევები მსუბუქი და ხშირად სეზონურია;
- კანზე წყლულები არ ვითარდება;
- მედიკამენტოზურ მკურნალობას უმეტესად არ საჭიროებს.
მეორადი ფენომენი (საყურადღებოა):
- დაკავშირებულია სხვა დაავადებებთან (მაგ. სკლეროდერმია, ლუპუსი);
- შეტევები ხანგრძლივი და მტკივნეულია;
- კანზე შესაძლოა წყლულები გაჩნდეს;
- საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას.
როგორ უნდა იმოქმედოთ შეტევის დროს?
- გადაიყვანეთ ბავშვი თბილ ადგილას – ოთახში ან მანქანაში.
- ჩააყოფინეთ ხელები თბილ (არა ცხელ!) წყალში 10-15 წუთით.
- სთხოვეთ, ხელები იღლიებში მოათავსოს.

პრევენციული რჩევები
- დაიცავით ბავშვი სიცივისგან: ცივ ამინდში აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანები და ჩააცვით ფენებად.
- მოერიდეთ ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას: შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ გარემოს ტემპერატურის უეცარი მონაცვლეობა.
- შეზღუდეთ გამომწვევი პროდუქტები: მოერიდეთ კოფეინს, სისხლძარღვების შემავიწროვებელ მედიკამენტებსა და ყინულიან სასმელებს.
- შეამცირეთ სტრესი: ვინაიდან სტრესი შეტევის ერთ-ერთი გამომწვევია, ბავშვისთვის მშვიდი გარემოს შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ბავშვთა რევმატოლოგთან ვიზიტამდე
- გადაიღეთ ფოტო შეტევის დროს: ვინაიდან ფერის ცვლილება სწრაფად ქრება, შეტევისას გადაღებული ფოტო ბავშვთა რევმატოლოგს დიაგნოზის დასმაში დაეხმარება.
- აწარმოეთ შეტევების ისტორია: ჩაიწერეთ სად, როდის და რამდენ ხანს გრძელდებოდა ეპიზოდი — ეს ჩანაწერები ექიმს მკურნალობის სწორად დაგეგმვაში დაეხმარება.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ?
- შეტევა 30 წუთს აჭარბებს;
- შეტევები სულ უფრო ხშირდება;
- თითებზე წყლული ან ჭრილობა გაჩნდა;
- შეტევას თან ახლავს ძლიერი ტკივილი;
- სახლის პირობებში მართვა და მოვლა საკმარისი არ არის;
- შეტევები ბავშვში ძლიერ შფოთვას იწვევს.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ბავშვთა რევმატოლოგს.
ჩაეწერე ექიმთან
რეინოს ფენომენის პედიატრიული გზამკვლევი მშობლებისთვის მომზადებულია კლინიკა „მრჩეველის“ ბავშვთა რევმატოლოგის ასისტენტის, ქეთევან ხააძის მიერ.