ხარისხის კონტროლი

ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი

ლაბორატორია „მრჩეველი“ 2012 წლიდან სერტიფიცირებულია ხარისხის მართვის ISO 9001 სტანდარტით (TÜV NORD CERT GmbH), 2014 წლიდან კი უწყვეტად ინარჩუნებს სამედიცინო ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ISO 15189 აკრედიტაციას.

ISO 15189 სპეციალურად სამედიცინო ლაბორატორიებისთვის შექმნილი საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც სპეციფიკურ მოთხოვნებს აწესებს შემდეგი მიმართულებებით:

  • პრეანალიტიკური, ანალიტიკური და პოსტანალიტიკური პროცესების მკაფიო რეგულირება (ნიმუშის აღებიდან პასუხის გაცემამდე)
  • ლაბორატორიული აღჭურვილობის (აპარატურა, რეაგენტები და მასალები) და საინფორმაციო თუ პროგრამული სისტემების სრული შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან
  • სპეციალისტთა მაღალი კვალიფიკაცია, პროფესიული კომპეტენცია და მათი უწყვეტი განვითარება
  • დოკუმენტაციისა და ხარისხის (შიდა და გარე) კონტროლის სისტემების მართვა რეგულარული შიდა და გარე აუდიტების მეშვეობით
  • ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისა და განვითარების მექანიზმების დანერგვა
  • პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და მომსახურების უსაფრთხოება.
ხარისხის გარე კონტროლი და სამუშაო პრაქტიკა

„მრჩეველი“ წარმატებით პასუხობს ხარისხისა და პროფესიული კომპეტენციის მიმართ მზარდ მოთხოვნებს. ყველა ლაბორატორიული კვლევა სისტემატურად მოწმდება საერთაშორისოდ აღიარებული შიდა და გარე ხარისხის კონტროლის სისტემებით. გარე კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ გერმანიის წამყვანი საექსპერტო ორგანიზაციები: სამედიცინო ლაბორატორიების ხარისხის უზრუნველყოფის საზოგადოება INSTAND e.V. (Gesellschaft zur Förderung der Qualitätssicherung in medizinischen Laboratorien e.V.) და ბიოანალიტიკის სარეფერენსო ინსტიტუტი RfB (Reference Institute for Bioanalytics), რომელიც პათობიოქიმიისა და მოლეკულური დიაგნოსტიკის ფონდის (Foundation for Pathobiochemistry and Molecular Diagnostics – SPMD) ნაწილია.

კვლევების მაღალი სიზუსტისა და დროული შესრულების უზრუნველსაყოფად, კონტროლდება ლაბორატორიული პროცესის თითოეული ეტაპი — ნიმუშის მიღება, ტრანსპორტირება, დამუშავება და შედეგების გაცემა. საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლებისა და პაციენტების უკუკავშირის მუდმივი ანალიზი ხარისხის მართვის სისტემის უწყვეტ განვითარებას განაპირობებს.

ლაბორატორიული მედიცინის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობა უწყვეტი პროცესია. „მრჩეველი“ რეგულარულად აახლებს სამუშაო პრაქტიკას საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად.

დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში