PFAPA სინდრომი ბავშვთა ასაკში პერიოდული ცხელების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ცხელების ეპიზოდები გარკვეული რეგულარობით მეორდება.
რა არის PFAPA სინდრომი?
PFAPA არის აუტოანთებითი მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ბავშვის იმუნური სისტემის დროებითი აქტივაციით. თავად აბრევიატურა სწორედ იმ ძირითად სიმპტომებს აერთიანებს, რომლებითაც ეს მდგომარეობა ხასიათდება: პერიოდული ცხელება, ფარინგიტი (ყელის ტკივილი), აფთოზური სტომატიტი (წყლულები პირის ღრუში) და ადენიტი (ლიმფური კვანძების გადიდება).
სინდრომი, როგორც წესი, ვლინდება 1-დან 4 წლამდე ასაკში. ცხელების ეპიზოდები მეორდება ყოველ 2-8 კვირაში ერთხელ და თითოეული მათგანი, საშუალოდ, 4-5 დღე გრძელდება.
ეპიზოდებს შორის შუალედში პაციენტს სიმპტომები არ აღენიშნება. ბავშვის ფიზიკური ზრდა და განვითარება ასაკობრივი ნორმის შესაბამისად, სრულიად შეუფერხებლად მიმდინარეობს.
როგორც წესი, 10 წლის ასაკისთვის PFAPA სინდრომი პაციენტთა უმრავლესობაში სრულად ქრება.

ძირითადი და თანმხლები სიმპტომები:
ეპიზოდის დროს ვლინდება:
- ცხელება
- აფთოზური წყლულები
- ფარინგიტი
- ადენიტი
სხვა შესაძლო სიმპტომები ეპიზოდის დროს:
- მუცლის ტკივილი
- თავის ტკივილი
- სახსრების ტკივილი
- ღებინება

დიაგნოსტიკა:
PFAPA-ს ძირითადი გამომწვევი მიზეზი უცნობია და არც მისი დამდგენი სპეციფიკური კვლევა არსებობს. ლაბორატორიული ტესტები, ძირითადად, ინფექციის ან სხვა პერიოდული ცხელების სინდრომების გამოსარიცხად ტარდება.
დიაგნოზი, განმეორებად ცხელებასთან ერთად, ეფუძნება რამდენიმე ფაქტორს:
- მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა, ცხელების ეპიზოდი მიმდინარეობს ყოველგვარი ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციის გარეშე;
- სტანდარტული სიცხის დამწევი საშუალებები (მაგალითად, იბუპროფენი ან პარაცეტამოლი), როგორც წესი, არ არის ეფექტიანი PFAPA სინდრომით გამოწვეული ცხელების დროს;
- ეპიზოდებს შორის ბავშვი სრულიად ჯანმრთელია, არ აქვს არანაირი ჩივილი
- ხშირად ბავშვები სითხეს იღებენ, თუმცა, როგორც წესი, ჭამა არ სურთ.
- ცხელების თითოეული ეპიზოდი იდენტურია (სტერეოტიპული) – მისი მიმდინარეობა და სიმპტომები თითქმის ზუსტად იმეორებს წინა სურათს.
როდის მივამრთოთ ექიმს?
თუ ბავშვს 4 ან მეტჯერ გაუმეორდა სტერეოტიპული ცხელების ეპიზოდი (ინფექციის გამორიცხვის შემთხევავში), მსგავსი თანმხლები სიმპტომებით და რეგულარული ინტერვალებით, მიმართეთ ბავშვთა რევმატოლოგს.
მნიშვნელოვანია, რომ დაავადება აბსოლუტურად კეთილსაიმედოა და არ ახასიათებს გართულებები.
სამედიცინო ცენტრ „მრჩეველში“ პაციენტებს კონსულტაციას უწევს ბავშვთა რევმატოლოგი ალექსანდრე თავაძე.
ინფორმაცია მომზადებულია კლინიკა „მრჩეველის“ ბავშვთა რევმატოლოგის ასისტენტის, ქეთევან ხააძის მიერ.
ჩაეწერე ექიმთან