რეინოს ფენომენი ბავშვებში: გზამკვლევი მშობლებისთვის

თუ სიცივეში, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისას ან ემოციური სტრესის დროს ბავშვს თითები მოულოდნელად უთეთრდება, ულურჯდება და უბუჟდება – ეს შესაძლოა რეინოს ფენომენზე მიუთითებდეს. შეტევა ჩვეულებრივ 15-20 წუთი გრძელდება. ამ დროს სისხლძარღვები ზედმეტად და მოულოდნელად იკუმშება, რაც თითებში სისხლის მიმოქცევას დროებით ზღუდავს.

მიუხედავად იმისა, რომ ფერის ასეთი მკვეთრი ცვლილება ხშირად იწვევს აღელვებას, ბავშვებში უმეტესად რეინოს პირველადი ფორმა გვხვდება, რომელიც სხვა დაავადებასთან არ არის დაკავშირებული და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა, ზუსტი დიაგნოზის დასასმელად და მეორადი პათოლოგიების გამოსარიცხად, აუცილებელია ბავშვთა რევმატოლოგის კონსულტაცია.

პედიატრიული რევმატოლოგიის ეს გზამკვლევი გასწავლით, როგორ მართოთ ეს შეტევა სახლის პირობებში, რა უნდა გაითვალისწინოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში პრევენციისთვის და რა სიმპტომების დროს უნდა მიმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ.

რა არის რეინოს ფენომენი?

ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლძარღვები – განსაკუთრებით თითებში – სიცივის ან სტრესის საპასუხოდ მკვეთრად და მოულოდნელად იკუმშება. შედეგად სისხლის მიმოქცევა მცირდება და კანი ფერს იცვლის. უმეტეს შემთხვევაში ბავშვებს რეინოს პირველადი ფენომენი აღენიშნებათ, რომელიც სხვა დაავადებებთან არ არის დაკავშირებული.

შეტევის სამი ფაზა
  • თეთრი: სისხლძარღვები იკუმშება, კანი ფერმკრთალი ხდება, თითები კი – ცივი.
  • ლურჯი: სისხლის მიწოდება მცირდება და კანი მოლურჯო ელფერს იღებს.
  • ვარდისფერი: ნორმალური სისხლის მიმოქცევის აღდგენა, კანი ვარდისფერი ან წითელი ხდება.

გამომწვევები და სიმპტომები

გამომწვევი ფაქტორები:

  • სიცივე;
  • ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება;
  • ემოციური სტრესი ან შიში.

სიმპტომები შეტევის დროს:

  • თითები ფერმკრთალი ან ლურჯი ხდება;
  • ვითარდება ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება;
  • შეტევა ჩვეულებრივ 15–20 წუთი გრძელდება.
პირველადი და მეორადი ფორმები: რა უნდა ვიცოდეთ?

პირველადი ფენომენი (ყველაზე ხშირი):

  • სხვა დაავადებებთან კავშირი არ აქვს;
  • შეტევები მსუბუქი და ხშირად სეზონურია;
  • კანზე წყლულები არ ვითარდება;
  • უმეტესად მედიკამენტოზურ მკურნალობას არ საჭიროებს.

მეორადი ფენომენი (საყურადღებოა):

  • დაკავშირებულია სხვა დაავადებებთან (მაგ. სკლეროდერმია, ლუპუსი);
  • შეტევები ხანგრძლივი და მტკივნეულია;
  • კანზე შესაძლოა წყლულები გაჩნდეს;
  • საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას.
როგორ უნდა იმოქმედოთ შეტევის დროს?
  • გადაიყვანეთ ბავშვი თბილ ადგილას – ოთახში ან მანქანაში.
  • ჩააყოფინეთ ხელები თბილ (არა ცხელ!) წყალში 10-15 წუთით.
  • სთხოვეთ, ხელები იღლიებში მოათავსოს.

პრევენციული რჩევები
  • დაიცავით ბავშვი სიცივისგან: ცივ ამინდში აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანები და ჩააცვით ფენებად.
  • მოერიდეთ ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას: შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ გარემოს ტემპერატურის უეცარი მონაცვლეობა.
  • შეზღუდეთ გამომწვევი პროდუქტები: მოერიდეთ კოფეინს, სისხლძარღვების შემავიწროვებელ მედიკამენტებსა და ყინულიან სასმელებს.
  • შეამცირეთ სტრესი: ვინაიდან სტრესი შეტევის ერთ-ერთი გამომწვევია, ბავშვისთვის მშვიდი გარემოს შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ბავშვთა რევმატოლოგთან ვიზიტამდე
  • გადაიღეთ ფოტო შეტევის დროს: ვინაიდან ფერის ცვლილება სწრაფად ქრება, შეტევისას გადაღებული ფოტო ბავშვთა რევმატოლოგს დიაგნოზის დასმაში დაეხმარება.
  • აწარმოეთ შეტევების ისტორია: ჩაიწერეთ სად, როდის და რამდენ ხანს გრძელდებოდა ეპიზოდი — ეს ჩანაწერები ექიმს მკურნალობის სწორად დაგეგმვაში დაეხმარება.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ?
  • შეტევა 30 წუთს აჭარბებს;
  • შეტევები სულ უფრო ხშირდება;
  • თითებზე წყლული ან ჭრილობა გაჩნდა;
  • შეტევას თან ახლავს ძლიერი ტკივილი;
  • სახლის პირობებში მართვა და მოვლა საკმარისი არ არის;
  • შეტევები ბავშვში ძლიერ შფოთვას იწვევს.

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ბავშვთა რევმატოლოგს.

ჩაეწერე ექიმთან

 

რეინოს ფენომენის პედიატრიული გზამკვლევი მშობლებისთვის მომზადებულია კლინიკა „მრჩეველის“ ბავშვთა რევმატოლოგის ასისტენტის, ქეთევან ხააძის მიერ.

დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში