ლაბორატორია მრჩეველში 2025 წლის 1 იანვრიდან შარდის ანალიზს დაემატა მიკროალბუმინი და მასთან დაკავშირებული პარამეტრები. ამან ბევრი კითხვა გააჩინა, როგორც პაციენტებში, ასევე ექიმებში. ჩვენ მოვაგროვეთ ეს კითხვები და ვეცდებით გიპასუხოთ.
რა არის ალბუმინი?
ალბუმინი მნიშვნელოვანი ცილაა, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება სისხლში და მას ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს.
რაც შეეხება ალბუმინის არსებობას შარდში, როგორც წესი, ჯანმრთელი თირკმელი ფილტრავს ალბუმინს და ალბუმინი შარდში არ გადადის. ამიტომ, შარდში ალბუმინი ან ძალიან ცოტა ან საერთოდ არ უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ თირკმელები დაზიანებულია, შეიძლება „გაჟონოს“ და ალბუმინი მოხვდეს შარდში.
რა არის მიკროალბუმინურია?
მიკროალბუმინურია არის ალბუმინის (ცილის) მცირე რაოდენობა შარდში. მიკროალბუმინურიას ზომიერ ალბუმინურიასაც უწოდებენ.

Source: National Institute of Diabetes and Digestive and Kidney Diseases (NIDDK)
რა განსხვავებაა მიკროალბუმინურიასა და ალბუმინურიას (მაკროალუმინურიას) შორის?
ორივე შემთხვევაში, მიკროალბუმინურიისა და ალბუმინურიის დროს, შარდში გვხვდება ცილა – ალბუმინი. განსხვავება მხოლოდ კონცენტრაციაშია:
- < 300 მგ/გ – მიკროალბუმინურია
- > 300 მგ/გ – მაკროალბუმინურია
მიკროალბუმინურია ნაკლებად სერიოზულია, ვიდრე ალბუმინურია.

Source: https://www.kidney.org/kidney-topics/albuminuria-proteinuria
რა არის პროტეინურია (ალბუმინურია)?
პროტეინურია არის შარდში ცილის არსებობა.
მეთოდი, რომლითაც ხდება შარდის ანალიზით შარდში ცილის გამოვლენა, ძირითადად მგრძნობიარეა ალბუმინის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ შარდის ანალიზით გამოვლენილი ცილის 90-95 % ალბუმინია. ჩვეულებრივ შარდის ანალიზით პროტეინურია (ალბუმინურია) გამოვლინდება თუ შარდში ალბუმინის კონცენტრაცია > 200-300 მგ/ლ.
ალბუმინის უფრო დაბალი კონცენტრაციის გამოვლენის მიზნით, შარდის ანალიზს დაემატა მიკროალბუმინი და ალბუმინ-კრეატინინის თანაფარდობა.
ალბუმინურია (პროტეინურია) არ არის ცალკე დაავადება. ეს არის თირკმელების სხვადასხვა დაავადების სიმპტომი და გართულებების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი.
თუ შარდის ანალიზი შარდში მხოლოდ ალბუმინს ზომავს, როგორ აღმოვაჩინოთ შარდში სხვა ცილების არესებობა?
ვინაიდან შარდის ანალიზით პრაქტიკულად მხოლოდ ალბუმინურია ვლინდება, სხვა ცილების აღმოსაჩენად შარდის ანალიზს დავამატეთ სულფოსალიცილის მჟავას სინჯი.
სულფოსალიცილის მჟავას სინჯი გამოავლენს როგორც ალბუმინს, ასევე სხვა ცილებს, რომლებიც შეიძლება შარდში მოხვდეს.
თუ შარდის ანალიზში ცილაც (პროტეინურია) და სულფოსალიცილის მჟავაც ერთნაირად დადებითია, ეს ნიშნავს, რომ შარდში გამოვლენილი ცილა ძირითადად ალბუმინია.
თუ შარდის ანალიზში სულფოსალიცილის მჟავას სინჯის დადებითობა უფრო მეტად არის გამოხატული, ვიდრეა ცილის (პროტეინურია), ეს ნიშნავს, რომ შარდში რაღაც სხვა ცილაც გვხვდება, მაგალითად გლობულინები. ეს სხვაობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა, ცილოვანი ცვლის დარღვევებით მიმდინარე დაავადებების დროს.
ალბუმინურია ყოველთვის თირკმლის დაზიანებაზე მიუთითებს თუ არა?
ალბუმინურიის არსებობა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ თირკმელების ფუნქცია რეალურად დაქვეითებულია. ზოგჯერ ეს არის დროებითი, გარდამავალი ალბუმინურია (მოკლევადიანი დაზიანება), ზოგჯერ კი – ქრონიკული (გრძელვადიანი დაზიანება).
დროებითი, გარდამავალი (მოკლევადიანი) ალბუმინურიის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: დეჰიდრატაცია, ინტენსიური ვარჯიში / ფიზიკური დატვირთვა, ცხელება და/ან ინფექცია, სიცივის ზემოქმედება, გულის უკმარისობის გამწვავება, დიეტაში ნატრიუმისა და ცილოვანი პროდუქტების სიჭარბე და ა.შ.
ქრონიკული (გრძელვადიანი) ალბუმინურიის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია (მაღალი წნევა), გულის დაავადება და/ან გულის უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული დაავადებები და სხვ.
თირკმელების დაზიანების ზუსტი მიზეზი განსხვავებულია თითოეული ადამიანისთვის და შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორების კომბინაციით. რადგან პროტეინურია/ალბუმინურია ყოველთვის არ მიუთითებს თირკმლის რეალურ დაზიანებაზე, მნიშვნელოვანია განმეორებითი გამოკვლევა და დაკვირვება დინამიკაში. ეს დაგეხმარებათ განასხვავოთ თირკმელების ქრონიკული (გრძელვადიანი) დაზიანება და თირკმელების დროებითი (მოკლევადიანი) სტრესი.
რა სიმპტომები აქვს მიკროალბუმინურიას?
ჩვეულებრივ, მიკროალბუმინურიას არანაირი სიმპტომი არ აქვს. თუმცა, ეს შეიძლება იყოს თირკმელების დაავადების გამოვლენის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიშანი. ამიტომ მისი გამოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თირკმლის დაავადების რისკის მქონე ადამიანებისთვის. მნიშვნელოვანია დაავადების აღმოჩენა ადრეულ ეტაპზე, სიმპტომების გამოვლენამდე, სანამ თირკმლის დაზიანება არ არის მნიშვნელოვანი და სანამ შეიძლება მკურნალობით მდგომარეობა გამოსწორდეს.
თუ მიკროალბუმინურიის დროული დიაგნოსტირება არ მოხდა, შარდში ალბუმინის დონის მაჩვენებელი თანდათან მოიმატებს და გაჩნდება სიმპტომებიც.
ალბუმინურიისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
- ქაფიანი შარდი;
- შეშუპება თვალების ირგვლივ (განსაკუთრებით დილით);
- გახშირებული შარდვა (ჩვეულებრივზე უფრო ხშირად);
- შეშუპება ფეხების, ტერფების, მუცლის ან სახის არეში.
Source: https://my.clevelandclinic.org/health/diseases/16428-proteinuria
რა არის მიკროალბუმინურიის მიზეზი?
მიკროალბუმინურია გამოწვეულია თირკმელების დაზიანებით. ყველაზე ხშირი სამედიცინო მდგომარეობები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება, შემდეგია:
მაღალი არტერიული წნევა: ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მაღალი წნევა დიდი ხნის განმავლობაში, ხშირად აღენიშნებათ მიკროალბუმინურია. ამ ადამიანებში ეს მდგომარეობა ხშირად ასოცირდება გულ-სისხლძარღვთა სხვა პრობლემებთან.
- მეტაბოლური სინდრომი: მიკროალბუმინურია ასევე ასოცირდება მეტაბოლურ სინდრომთან, დაავადებების ჯგუფთან, რომლებიც ზრდის გულის დაავადების, დიაბეტისა და სხვა ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს.
- 1. და 2. ტიპის შაქრიანი დიაბეტი: დიაბეტის მქონე ადამიანების ნეფრონები (თირკმლის სტრუქტურული ერთეული) შეიძლება დაზიანდეს. დაზიანებული ნეფრონი სისხლს სათანადოდ ვეღარ ფილტრავს, რაც გამოიწვევს თირკმლის ფუნქციის დაქვეითებას. შედეგად ალბუმინის მოხვდება შარდში.
- სიმსუქნე: სიმსუქნემ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების სტრუქტურის დაზიანება, დაქვეითდეს თირკმლის ფუნქცია და შედეგად განვითარდეს მიკროალბუმინურია. სიმსუქნე ასევე დაკავშირებულია თირკმელების დაზიანებით მიმდინარე დაავადების სხვა რისკ-ფაქტორებთან, როგორიცაა დიაბეტი და ჰიპერტენზია.
- თირკმლის ქრონიკული დაავადებები: მიკროალბუმინურია ხშირად გვხვდება ადამიანებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის ქრონიკული დაავადებები. თირკმლის ქრონიკული დაავადებების დიდი ნაწილი გენეტიკურია.

ვისთვისაა მნიშვნელოვანი შარდის ანალიზში მიკროალბუმინურიის განსაზღვრა?
მიკროალბუმინურია ხშირად თირკმლის დაავადების პირველი, ადრეულად გამოვლენილი ნიშანია. ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ თირკმელების დაავადების რისკი, რეკომენდებულია შარდის რეგულარული გამოკვლევა მიკროალბუმინურიაზე. ამ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან პირები, ვისაც აქვს: მაღალი წნევა, 1. ან 2. ტიპის შაქრიანი დიაბეტი, გულის დაავადება, სიმსუქნე ან მეტაბოლური სინდრომი, თირკმლის ქრონიკული დაავადებები, ან სხვა დაავადებები, რომლებიც ზრდის თირკმლის დაზიანების რისკს (მაგალითად, წითელი მგლურა); ასევე თუ არის თირკმლის დაავადების ოჯახური ისტორია.
რა ინფორმაციას გვაძლევს ალბუმინ-კრეატინინის თანაფარდობა?
ალბუმინ-კრეატინინის თანაფარდობა გვაძლევს ინფორმაციას რამდენი ალბუმინი (ცილა) არის შარდში კრეატინინთან (ნივთიერებათა ცვლის პროდუქტი) შეფარდებით.
შარდი არის ბიოლოგიური სითხე, რომლის კონცენტრაციაც დღე-ღამის განმავლობაში იცვლება და დამოკიდებულია მიღებული სითხის რაოდენობასა და მოშარდვებს შორის ინტერვალზე. ამიტომ თუ გვსურს ნებისმიერი ნივთიერების კონცენტრაციის განსაზღვრა რეკომენდებულია 24-საათიანი შარდის შეგროვება. 24 საათის განმავლობაში შეგროვებულ შარდში მივიღებთ კონკრეტული ნივთიერების, მაგალითად, ალბუმინის საშუალო კონცენტრაციას და ეს არ იქნება დამოკიდებული შარდის ულუფაზე (მაგ: დილის 1. შარდი, სპონტანური შარდი), რომელიც შეიძლება იყოს ძალიან კონცენტრირებული, ან პირიქით – ზედმეტად განზავებული.

24-საათიანი შარდის შეგროვება საკმაოდ დიდ დისკომფორტს უქმნის პაციენტებს, ასევე ძალიან ხშირია შეგროვების შეცდომები. ამიტომ ხშირად, მეთვალყურეობისთვის, იყენებენ სპონტანურ შარდს, სადაც ალბუმინთან (ან ცილასთან) ერთად საზღვრავენ კრეატინინსაც.
შარდის კრეატინინი ხშირად გამოიყენება დიურეზის კორექციისთვის, რადგან ის თირკმლის ფუნქციისა და შარდის კონცენტრაციის სტაბილური და საიმედო მარკერია:
- თირკმელი გამოყოფს კრეატინინს სტაბილურად და თანაბრად
- კრეატინინის კონცენტრაცია შარდში მიუთითებს შარდის კონცენტრაციაზე
ამიტომ თუ ალბუმინის (ან ცილის) შედეგს გავყოფთ კრეატინინის მაჩვენებელზე, მივიღებთ თანაფარდობას, რომელიც ითვალისწინებს შარდის კონცენტრაციას (რამდენად განზავებულია ან კონცენტრირებულია). ალბუმინ-კრეატინინის თანაფრდობით მიღებული შედეგი უახლოვდება 24 საათის განმავლობაში შეგროვებულ შარდში განსაზღვრულ ალბუმინის (ან ცილის) შედეგს.
თუმცა, არსებობს გარკვეული სამედიცინო მდგომარეობები, როცა კრეატინინზე დაფუძნებული შეფასება შეიძლება გახდეს არასწორი ინტერპრეტაციის მიზეზი. ეს არის მდგომარეობები, რომელიც ცვლის კრეატინინის გამომუშავებას, ფილტრაციას ან ექსკრეციას ისე, რომ კრეატინინზე დაფუძნებული შეფასებები სანდო არ არის. ამ შემთხვევებში თირკმლის ფუნქციის უფრო ზუსტი შეფასებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს ალტერნატიული ტესტები ან მარკერები (მაგ., ცისტატინი C, ალბუმინი 24-საათიან შარდში, GFR შეფასება და თირკმელების ინსტრუმენტული კვლევები).
როგორ გამოითვლება შარდის ალბუმინ-კრეატინინის თანაფარდობა?
შარდის ალბუმინ-კრეატინინის თანაფარდობის (uACR) გამოსათვლელად შარდში ორი სხვადასხვა ნივთიერების კონცენტრაცია იზომება – ალბუმინისა (ცილა) და კრეატინინის.
- ალბუმინი არის მნიშვნელოვანი ცილა, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება სისხლში. მას ბევრი ფუნქცია აქვს ორგანიზმში (მაგ: კუნთთა მასის შექმნა, ქსოვილის აღდგენა, ინფექციასთან ბრძოლა … ). ჩვეულებრივ თირკმელი ფილტრავს ალბუმინს და არ გადადის შარდში.
- შარდში ალბუმინი ძალიან ცოტა ან საერთოდ არ უნდა იყოს!
კრეატინინი არის ნარჩენი პროდუქტი, რომელიც წარმოიქმნება ცილის მონელებისა და კუნთოვანი ქსოვილის ნორმალური დაშლის შედეგად. ორგანიზმიდან თირკმელებით გამოიყოფა თანაბრად და ხვდება შარდში.
შარდში კრეატინინი უნდა იყოს! - ალბუმინ-კრეატინინის თანაფარდობის (uACR) გამოსათვლელად შარდში ორივე ტესტი ერთ სინჯში უნდა გაკეთდეს!
ვინაიდან შარდის ანალიზისთვის ყოველთვის გამოიყენება სპონტანური (ერთჯერადი) შარდი, ალბუმინ-კრეატინინის თანაფარდობის გამოთვლა აუცილებელია.
სპონტანურ შარდში ალბუმინურიის ხარისხის შეფასება ხდება ალბუმინ-კრეატინინის თანაფარდობით მიღებული შედეგის მიხედვით:
- < 30 მგ/გ: ნორმა
- 31 – 299 მგ/გ: მიკროალბუმინურია
- > 300 მგ/გ: მაკროალბუმინურია
რა ინფორმაციას გვაძლევს შარდის ანალიზში კრეატინინის განსაზღვრა?
კრეატინინი ნივთიერებათა ცვლის პროდუქტია, რომელსაც ფილტრავს თირკმელი და გამოყოფს შარდში. შარდში კრეატინინის კონცენტრაციის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ რამდენად კონცენტრირებულია ან განზავებულია შარდი და რამდენად კარგად ასრულებს თირკმელი თავის ფუნქციას.
მეთოდი, რომლითაც შარდის ანალიზი კეთდება არის ნახევრად-რაოდენობრივი. ნახევრად-რაოდენობრივი მეთოდით მიღებული შედეგი ყოველთვის გვიჩვენებს გარკვეულ კონცენტრაციებთან მიახლოებულ შედეგს. მაგალითად, შარდის ანალიზში კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა ხდება შემდეგი ბიჯებით: 10 მგ/დლ, 50 მგ/დლ, 100 მგ/დლ, 200 მგ/დლ, 300 მგ/დლ. ჩვეულებრივ, შარდის ანალიზში კრეატინინის უფრო მაღალი კონცენტრაცია არ იზომება და თუ ექიმს შარდში კრეატინინის მაჩვენებელი სჭირდება ის ირჩევს უფრო ზუსტ, რაოდენობრივ მეთოდს.
შარდის ანალიზში კრეატინინის განსაზღვრა მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ გამოვითვალოთ ალბუმინ-კრეატინინისა და ცილა-კრეატინინის თანაფარდობები.
როგორ ხდება კვლევის შედეგის ინტერპრეტაცია?
კვლევის შედეგის შესაფასებლად გამოიყენება ალბუმინ-კრეატინინის თანაფარდობა:
- <30 მგ/გ: ნორმაა. არ საჭიროებს მეთვალყურეობას.
- 31 – 299 მგ/გ: მიკროალბუმინურია. სპონტანურ (ერთჯერად) შარდში ალბუმინი შეიძლება მოხვდეს ერთჯერადად (დროებითი, გარდამავალი) – ინტენსიური ვარჯიშის, ცხელების, ინფექციის, დეჰიდრატაციის, სიცივის ზემოქმედებით, დიეტაში ნატრიუმისა და ცილოვანი პროდუქტების სიჭარბის დროს და სხვ. საჭიროებს მეთვალყურეობას.
- >300 მგ/გ: მაკროალბუმინურია. სპონტანურ (ერთჯერად) შარდში ალბუმინი შეიძლება მოხვდეს ერთჯერადად (დროებითი, გარდამავალი) – ინტენსიური ვარჯიშის, ცხელების, ინფექციის, დეჰიდრატაციის, სიცივის ზემოქმედებით, დიეტაში ნატრიუმისა და ცილოვანი პროდუქტების სიჭარბის დროს, ან იყოს ქრონიკული, ამიტომ საჭიროებს მეთვალყურეობას.
საჭიროა თუ არა კვლევის გარძელება?
კვლევის გაგრძელება რეკომენდებულია, როცა ალბუმინ-კრეატინინის თანაფარდობა > 30 მგ/გ.
დროებითი (გარდამავალი) და ქრონიკული ალბუმინურიის დიფერენცირებისთვის სასურველია შარდის ანალიზი გამეორდეს 2-ჯერ, 2-3 თვის ინტერვალში.
თუ ალბუმინ-კრეატინინის თანაფარდობა მაღალია ყველა ჯერზე, რეკომენდებულია კვლევის გაგრძელება უფრო ზუსტი, რაოდენობრივი მეთოდით.
რეკომენდებული კვლევები მიკროალბუმინურიის (31-300 მგ/გ) დროს:
- ალბუმინი 24-საათიან ან სპონტანურ შარდში.
რეკომენდებული კვლევები მაკროალბუმინურიის (> 300 მგ/გ) დროს:
- 24-საათიან ან სპონტანურ შარდში: ცილა, ალბუმინი, კრეატინინი;
- კრეატინინი სისხლში.
რომელია ყველაზე ზუსტი კვლევა შარდში ალბუმინის გამოსავლენად?
შარდში ალბუმინის ზუსტი რაოდენობის განსასაზღვრად, ოქროს სტანდარტია ალბუმინის განსაზღვრა 24-საათიან შარდში. შარდის შეგროვების პროცესში პაციენტის დიეტა (კვების რეჟიმი) და ფიზიკური დატვირთვა უნდა იყოს ჩვეული. 24 საათის განმავლობაში შეგროვებულ შარდში განისაზღვრება ალბუმინის საშუალო კონცენტრაცია. შემდეგ, მიღებული შედეგისა და 24 საათის მანძილზე შეგროვებული შარდის მოცულობის გათვალისწინებით, ანგარიშდება რამდენ გრამი ალბუმინი იკარგება თირკმელებით დღის მანძილზე. ამიტომ მნიშვნელოვანია პაციენტმა სწორად და კორექტულად მიაწოდოს ლაბორატორიას 24 საათის მანძილზე შეგროვებული შარდის ზუსტი მოცულობა.
კიდევ უფრო მეტი სიზუსტისთვის, ზოგჯერ პაციენტს ურჩევენ 3 დღის მანძილზე, 3-ჯერ 24-საათიანი შარდის შეგროვებას. უნდა განისაზღვროს 3-ჯერ ზედიზედ რამდენ გრამ ალბუმინს კარგავს ორგანიზმი 24 საათის განმავლობაში. ამით უფრო მეტად გამოირიცხება სხვა გარე ფაქტორების ზეგავლენა.
ვინაიდან 24-სათიანი შარდის შეგროვება პაციენტს დისკომფორტს უქმნის, მათ ხშირად სთავაზობენ სპონტანურ შარდში ალბუმინისა და კრეატინინის რაოდენობრივ განსაზღვრას და შემდეგ ალბუმინ-კრეატინინის თანაფარდობის გამოთვლას. თირკმლის დაზიანების რისკის მქონე პაციენტებისთვის, რომელთაც სისტემატურად სჭირდებათ შარდში ალბუმინის განსაზღვრა, ეს უფრო მარტივი გამოსავალია. თუმცა, სასურველია, ერთხელ მაინც ერთდროულად განისაზღვროს ალბუმინის კონცენტრაცია როგორც 24-საათიან, ასევე სპონტანურ შარდში. თუ კვლევის შედეგები ერთმანეთთან კარგ კორელაციაში იქნება, მაშინ პაციენტს შეუძლია მეთვალყურეობა განაგრძოს სპონტანურ შარდში (დღის. 1. ან 2. შარდი) განსაზღვრული ალბუმინ-კრეატინინის თანაფარდობით მიღებული შედეგის მიხედვით.
შარდში ალბუმინის კონცენტრაციის შეფასების გზები: ნაკლი და სარგებელი

დასკვნა:
შარდში ალბუმინის გაზომვა სხვადასხვაგვარად შეიძლება. ყველა კვლევასა და მეთოდს აქვს სარგებელი და ნაკლი. მნიშვნელოვანია ექიმმა დასვას კითხვა – რისი მოლოდინი აქვს კონკრეტული ლაბორატორიული კვლევის შედეგით. ლაბორატორიამ კი ექიმსა და პაციენტს ამ კითხვის შესაბამისი კვლევა უნდა შესთავაზოს.
შარდის ანალიზი ყველაზე ხშირი, რუტინული კვლევაა. მწარმოებლები ცდილობენ ყოველი ახალი რეაგენტი უფრო მგრძნობიარე და დახვეწილი იყოს. ეს დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის საშუალებას იძლევა, რაც აადვილებს მკურნალობას და აუმჯობესებს გამოსავალს.

