რატომ არ არის რკინა რკინადეფიციტური ანემიის პირველი და სანდო მაჩვენებელი?

ხშირად რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოსტიკა სისხლში რკინის კონცენტრაციის განსაზღვრით იწყება, თუმცა მხოლოდ რკინის განსაზღვრა, ჩვეულებრივ, არ არის რკინადეფიციტური ანემიის პირველი და სანდო მაჩვენებელი, რადგან:

შრატის რკინა – არასტაბილური პარამეტრია:

  • შრატის რკინის დონე, ერთსა და იმავე ადამიანშიც, მნიშვნელოვნად მერყეობს დღის განმავლობაში (დილით უფრო მაღალია, საღამოს – დაბალი);
  • რკინის კონცენტრაციაზე გავლენას ახდენს – კვება, სტრესი, ინფექციები, მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რკინის შემცველი მედიკამენტები ან საკვები დანამატები;
  • ჰემოლიზი მნიშვნელოვნად ცვლის კვლევის შედეგს;

შრატის რკინა არასპეციფიკური პარამეტრია და ზუსტად არ ასახავს ორგანიზმში რკინის ნაკლებობასა და მარაგს:

  • შრატის რკინის კონცენტრაცია შეიძლება ნორმალური იყოს რკინის დეფიციტის ადრეულ სტადიაზე (რკინის ნაკლებობის „გვიანი“ მარკერია);
  • შრატის რკინის დაბალი დონე ყოველთვის არ ნიშნავს რკინადეფიციტურ ანემიას;
  • შრატის რკინის ნორმის ფარგლების დიაპაზონი „ფართოა“;

შრატის რკინის ერთადერთ მარკერად გამოყენება არ არის რეკომენდებული:

  • ის გამოიყენება, როგორც დამხმარე კვლევა, რკინის დეფიციტის, მარაგისა და რკინის სიჭარბით მიმდინარე დარღვევების დიაგნოსტიკისა და მეთვალყურეობისთვის.

რკინადეფიციტური ანემიის დადგენა ეტაპობრივად უნდა მოხდეს: სისხლის საერთო ანალიზი, რეტიკულოციტები, ფერიტინი და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი კვლევები.

 

დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში