ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელება: სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მართვა

ბავშვებში პერიოდული ცხელება, სხვა სიმპტომების გარეშეც, ყურადღებასა და დამატებით შეფასებას საჭიროებს. ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი, რომელიც ასეთ დროს უნდა გამოირიცხოს, ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებაა (FMF).

რა არის ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელება?

ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელება (Familial Mediterranean Fever, FMF) გენეტიკური აუტოანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა პერიოდულად, მიზეზის გარეშე „ირთვება“ და იწვევს ანთებას, ტკივილსა და ცხელებას. დაავადება დაკავშირებულია MEFV გენის მუტაციასთან (მათ შორის ყველაზე გავრცელებულ M694V მუტაციასთან). სტატისტიკურად, პირველი ნიშნები შემთხვევათა 65%-ში 10 წლამდე, ხოლო 90%-ში 20 წლამდე ასაკში ვლინდება. დაავადების დროს ანთებითი ეპიზოდები მეორდება ყოველ 3-4 კვირაში, გრძელდება 12-72 საათს, შემდეგ კი თავისით სრულდება – ეპიზოდებს შორის პაციენტი სრულიად ჯანმრთელად გრძნობს თავს.

ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელების კლინიკური გამოვლინებები:
  • პერიოდული ცხელება – ტემპერატურის მკვეთრი მატება 38°C და მეტ ნიშნულამდე, აშკარა კლინიკური მიზეზის გარეშე
  • მწვავე ტკივილი მუცლისა და გულმკერდის არეში
  • ართრიტი / ართრალგია – სახსრების ანთება, ტკივილი ან შეშუპება
  • ერისიპელოიდური ერითემა – სპეციფიკური კანის სიწითლე, უმეტესად წვივის მიდამოში
  • ლაბორატორიული მარკერები – ანთების მაჩვენებლების (CRP, ESR) მკვეთრი მატება უშუალოდ ეპიზოდის დროს

დიაგნოსტიკა და მკურნალობა:

დროული დიაგნოსტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შესაბამისი მკურნალობა, პირველ რიგში კოლხიცინი, ამცირებს ეპიზოდების სიხშირეს, სიმძიმესა და AA ამილოიდოზის განვითარების რისკს, რომლის დროსაც ორგანოებში პათოლოგიური ცილა გროვდება და ირღვევა მათი ფუნქციონირება. დიაგნოზი ეფუძნება კლინიკური სურათის შეფასებასა და შესაბამისი კვლევების შედეგებს. საჭიროების შემთხვევაში ტარდება გენეტიკური კვლევა მუტაციის დასადასტურებლად.

მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში რეკომენდებულია ბავშვთა რევმატოლოგის კონსულტაცია.

სამედიცინო ცენტრ „მრჩეველში“ პაციენტებს კონსულტაციას უწევს ბავშვთა რევმატოლოგი ალექსანდრე თავაძე, რომელმაც კლინიკური პრაქტიკა იტალიაში, პედიატრიული რევმატოლოგიის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკაში Giannina Gaslini-ში გაიარა. საჭიროების შემთხვევაში, მასთან ვიზიტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ერთობლივი ონლაინ კონსულტაციები ამავე ცენტრის რევმატოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებთან.

 ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელების საინფორმაციო გზამკვლევი (PDF)

ჩაეწერე ექიმთან

 

 

 

დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში