ლაბორატორია „მრჩეველში“ უკვე შესაძლებელია იონიზებული კალციუმის (Ca²⁺) განსაზღვრა.
კალციუმი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალია, რომელიც აუცილებელია ძვლებისა და კბილების მინერალიზაციის, კუნთების შეკუმშვის, ნერვული იმპულსების გადაცემის, სისხლის შედედებისა და მრავალი სხვა ფიზიოლოგიური პროცესისთვის.
სისხლში კალციუმი 3 ფორმით გვხვდება:
- დაახლოებით 40-45% უკავშირდება ცილებს (ძირითადად ალბუმინს);
- 5-10% არაორგანული კომპლექსების სახითაა წარმოდგენილი;
- დაახლოებით 50% კი – თავისუფალი ანუ იონიზებული კალციუმის სახით.
რატომ არის საჭირო იონიზებული კალციუმის განსაზღვრა?
იონიზებული კალციუმი კალციუმის ბიოლოგიურად აქტიური ფორმაა. ის არ არის დაკავშირებული ცილებთან, რის გამოც მას „თავისუფალ კალციუმსაც“ უწოდებენ. სწორედ იონიზებული კალციუმი მონაწილეობს ორგანიზმის უმნიშვნელოვანეს ფიზიოლოგიურ პროცესებში, როგორებიცაა: ნერვული იმპულსების გადაცემა, კუნთების შეკუმშვა, გულის გამართული მუშაობა და სისხლის შედედება.
რუტინულად, პირველ ეტაპზე, საერთო კალციუმის კვლევა ტარდება. საჭიროების შემთხვევაში კი, მდგომარეობის უფრო ზუსტად შესაფასებლად, შესაძლოა იონიზებული კალციუმის (Ca²⁺) განსაზღვრა გახდეს საჭირო.
იონიზებული კალციუმის (Ca²⁺) კონცენტრაცია პლაზმაში პირდაპირ რეგულირდება პარათირეოიდული ჰორმონითა და D ვიტამინით. სწორედ ამიტომ, კალციუმის ცვლის დარღვევების შესაფასებლად, ეს მაჩვენებელი გაცილებით უფრო ზუსტი და მგრძნობიარეა, ვიდრე საერთო კალციუმი.
იონიზებული კალციუმი არის სისხლში კალციუმის ბიოლოგიურად აქტიური ფრაქცია, ამიტომ მისი განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როცა საერთო კალციუმი შეიძლება არ ასახავდეს რეალურ მდგომარეობას.
ძირითადი ჩვენებებია:
- პარათირეოიდული ჯირკვლების პათოლოგიები;
- თირკმლის დაავადებები;
- რეანიმაციაში, „კრიტიკული“ პაციენტები;
- მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევები;
- სისხლის პროდუქტების ტრანსფუზია; დიდი რაოდენობით სითხის გადასხმა;
- ნეონატოლოგია – ახალშობილებზე დაკვირვება;
- ნევროლოგიური და კარდიალური დაავადებები;
- ონკოლოგიური დაავადებები;
- და ა.შ.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
- რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა (10-12 სთ).
- მოერიდეთ ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას სისხლის აღებამდე.
- მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს მკურნალ ექიმს იმ მედიკამენტებისა და დანამატების შესახებ, რომელსაც იღებთ. ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება მოახდინოს გავლენა შედეგზე, ამიტომ შეიძლება გამოკვლევამდე საჭირო გახდეს გარკვეული მედიკამენტების შეწყვეტა. არ შეწყვიტოთ მედიკამენტები ექიმთან შეთანხმების გარეშე!
ამ ეტაპზე კვლევა ტარდება ლაბორატორია „მრჩეველის“ თბილისის ფილიალებში.