ნინო ჯაშიაშვილი პედიატრი და ინფექციონისტია. 25 წელზე მეტია ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნავს. „მრჩეველის“ პედიატრიულ და ფსიქოლოგიურ სამსახურს 1999 წელს შეუერთდა.
ბავშვებს კონსულტაციას უწევს როგორც ზოგადი პედიატრიის, ისე ინფექციური დაავადებების მიმართულებით. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თითოეული ბავშვის მიმართ ინდივიდუალურ მიდგომას და მშობლებთან ღია, გასაგებ და ნდობაზე დაფუძნებულ კომუნიკაციას, რათა მკურნალობის პროცესი მშვიდი და ეფექტური იყოს როგორც ბავშვისთვის, ისე მთელი ოჯახისთვის.
ნინო ჯაშიაშვილის ძირითადი პროფესიული ინტერესებია ბავშვთა ინფექციური დაავადებები, ანტიმიკრობული თერაპია და ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენება. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის პრობლემას.
2012 წლიდან ხელმძღვანელობს ანტიმიკრობული ქიმიოთერაპიის სამსახურს და ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენების ალიანსის საქართველოს წარმომადგენლობას. (APUA-Georgia)
პროფესიული განვითარების მიზნით რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და ტრენინგებში. კლინიკური გამოცდილება მიიღო ვენის, გრაცის, თელ-ავივისა და ვაშინგტონის საუნივერსიტეტო კლინიკებში.
ნინო ჯაშიაშვილი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია. მისი სადოქტორო ნაშრომი ბავშვთა ასაკში კარდიოქირურგიული ოპერაციების შემდგომ გართულებებს შეეხებოდა. არის 11 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი პუბლიკაციები გამოქვეყნებულია ქართულ და საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალებში და წარმოდგენილია სხვადასხვა საერთაშორისო კონგრესზე.
თავისუფალ დროს უყვარს მოგზაურობა.