American Academy of Pediatrics-ის სახელმძღვანელო “თქვენი ბავშვის პირველი წელი” – ქართულ ენაზე

„თქვენი ბავშვის პირველი წელი“ American Academy of Pediatrics-ის სახელმძღვანელოა და იგი მოიცავს ჩვილ ბავშვთა მოვლასთან დაკავშირებულ ყველა ასპექტს. წიგნი, რომლის ოთხ მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული, ახლა უკვე ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია.

წიგნის თარგმნასა და გამოცემაზე ერთობლივად იმუშავეს სამედიცინო ცენტრმა “მრჩეველი” და Karchkhadze Publishing • ქარჩხაძის გამომცემლობამ. 

 

წიგნის შესახებ:

მთარგმნელები: ნატო კვარაცხელია, ლელა ზანგურაშვილი

 

„თქვენი ბავშვის პირველი წელი“ ჩვილ ბავშვთა მოვლის ყველა ასპექტთან დაკავშირებული სახელმძღვანელოა, რომელსაც პედიატრები ყველაზე ხშირად ურჩევენ, ხოლო მშობლები ენდობიან. წიგნი, რომლის ოთხ მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული, ახლა უკვე ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია. გამოცემა მომზადდა სამედიცინო ცენტრ „მრჩეველის“ პროფესიონალთა გუნდის ჩართულობით, ამიტომ წიგნი მორგებულია ქართულ რეალობას.

ამერიკის პედიატრიის აკადემია, ბავშვებზე ზრუნვის სფეროში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია აშშ-ში, წარმოგიდგენთ ყოვლისმომცველ რესურსს „თქვენი ბავშვის პირველი წელი“. წიგნში თავმოყრილია:

  • პრენატალური და ახალშობილთა მოვლის გზამკვლევები, სადაც დიდი ყურადღება ეთმობა მომავალი დედის კვებას, ვარჯიშს და ორსულობის პერიოდში გამოკვლევებს.
  • ახალშობილის ფიზიკური, ემოციური, სოციალური და შემეცნებითი ზრდის ეტაპები, ასევე მხედველობის, სმენის, მეტყველებისა და მოძრაობის განვითარების ეტაპები.
  • უახლესი კვლევები ტვინის ადრეული განვითარებისა და ჩვილი და მცირე ასაკის ბავშვების აზროვნების შესახებ.
  • ჯანმრთელობის სრული ენციკლოპედია, რომელიც მოიცავს ტრავმებს, ავადობასა და თანდაყოლილ დაავადებებს.
  • კვების საკითხის სიღრმისეული განხილვა: ბუნებრივი კვება, მისი სარგებლიანობა, ტექნიკა და სირთულეები; რჩევები ბოთლით კვებასა და მყარ საკვებზე გადასვლის შესახებ. უახლესი რეკომენდაციები კვებასთან, კვებით ალერგიებთან და ადრეული სიმსუქნის პრევენციასთან დაკავშირებით.
  • რჩევები ბავშვის აღმზრდელობითი პროგრამებისა და დაწესებულებების, ასევე პედიატრიული კლინიკებისა და ექიმების შესარჩევად.
  • უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, რომლებიც ეხება პირველად დახმარებას, ძილს, იმუნიზაციას, მანქანით მგზავრობას, სათამაშოების უსაფრთხოებას, ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას სახლში, ეზოში თუ ბანაობისას. ასევე, რეკომენდაციები დახრჩობის, გაგუდვის, მოწამვლის, დამწვრობის, გადმოვარდნის პრევენციისთვის და სხვ.

„თქვენი ბავშვის პირველი წელი“ საიმედო და თანამედროვე შეუცვლელი გზამკვლევია ყველა მშობლისათვის.

 

 

წიგნის წინასიტყვაობა: 

 

“Tempora mutantur, et nos mutamur in illis.”

„დრო იცვლება და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად.“

მუდმივი რჩება ის, რომ ბავშვები იბადებიან და ამ დროს მშობლებს ყოველთვის აქვთ კითხვები და სჭირდებათ რჩევა.

იყო დრო, როდესაც ორსულისა და ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება, მხოლოდ ექიმთან ვიზიტის დროს შეიძლებოდა. ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული ლიტერატურა მხოლოდ „სპეციალისტებისთვის“ იყო განკუთვნილი. არაექიმებისთვის ეს ინფორმაცია ძნელად გასაგები სამედიცინო ტერმინებით იყო გაჯერებული.

უკვე ძალიან დიდი ხნის წინ, 1946 წელს, ამერიკელმა ექიმმა ბენჯამინ სპოკმა დაწერა წიგნი „ბავშვი და მისი მოვლა“, სადაც მხოლოდ „სპეციალისტებისთვის“ გასაგები ყველა „საიდუმლო“ პოპულარული და ყველასთვის გასაგები ენით იყო დაწერილი. ამ წიგნმა გადატრიალება მოახდინა ადამიანების ცნობიერებაში. აღმოჩნდა, რომ ბავშვის მოვლის თვალსაზრისით, ბევრი რამის მოგვარება, ექიმთან ვიზიტის გარეშე, „კარგი წიგნის“ დახმარებითაც შესაძლებელია.

1946 წლის შემდეგ ბევრი წიგნი დაიწერა ბავშვის მოვლაზე, ექიმი სპოკის პრინციპით – ყველასთავის გასაგებ ენაზე.

დღეს ასევე არსებობს ინფორმაციის მიღების სხვა წყაროებიც.

მედიცინაც, ისევე როგორც მეცნიერების სხვა დარგები, ვითარდება. მუდმივად საჭიროა სიახლეების გაცნობა, დანერგვა, ძველის ახლით ჩანაცვლება.

ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სანდო და „გადამოწმებული“ ინფორმაციის ამორჩევა და გავრცელება.

ამერიკის პედიატრიის აკადემია არის ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს, საფუძვლიანი და მრავალჯერ გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელოს. ამიტომაც წიგნი – „თქვენი ბავშვის პირველი წელი“ – გამორჩეულად სანდოა.

იმედი გვაქვს, რომ ეს წიგნი დაგეხმარებათ ბავშვის მოვლასა და აღზრდაში.

 

ირაკლი რცხილაძე

პედიატრი, კლინიკური დირექტორი

სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“

 

დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში