გრიპის A და B ტიპები – რა უნდა ვიცოდეთ სიმპტომების, პროფილაქტიკისა და დიაგნოსტიკის შესახებ

გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც განსაკუთრებით აქტიურდება შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში.

მიუხედავად იმისა, რომ გრიპი უმეტეს შემთხვევაში გართულებების გარეშე მიმდინარეობს, პაციენტთა გარკვეულ ნაწილში მან, შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

გრიპის სიმპტომები ხშირად სხვა რესპირატორული ინფექციების ნიშნებს ჰგავს, რაც დაავადების გამომწვევი ვირუსის ამოცნობას ართულებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ ვლინდება გრიპი, როგორ ვრცელდება ინფექცია და რა შემთხვევაშია საჭირო ექიმთან მიმართვა ან ლაბორატორიული კვლევა.

რა განსხვავებაა გრიპის A და B ტიპებს შორის?

გრიპს ინფლუენცას (Influenza) ვირუსი იწვევს. არსებობს მისი ოთხი ტიპი  – A, B, C და D, თუმცა ადამიანებში სეზონური გრიპის გავრცელებას ძირითადად A და B ტიპის ვირუსები იწვევს.

გრიპის A ტიპი სხვადასხვა ქვეტიპად იყოფა, რომელთაგან ადამიანებში სეზონურად ძირითადად A(H1N1) და A(H3N2) ცირკულირებს. ამ ტიპის ვირუსებს შეუძლიათ როგორც სეზონური ეპიდემიების, ისე პანდემიების გამოწვევა. 

გრიპის B ტიპი ასევე სეზონური გრიპის გამომწვევია. მიუხედავად იმისა, რომ A ტიპისგან განსხვავებით ქვეტიპებად არ იყოფა, მასაც შესაძლოა ახასიათებდეს  დაავადების მძიმე მიმდინარეობა და გართულებების გამოწვევა.

ორივე ტიპის გრიპს მსგავსი სიმპტომები აქვს , ამიტომ მხოლოდ კლინიკური ნიშნების საფუძველზე მათი ერთმანეთისგან განსხვავება შეუძლებელია.

რა სიმპტომები ახასიათებს გრიპს?

გრიპის სიმპტომები, როგორც წესი, უეცრად იწყება:

  • სხეულის ტემპერატურის მომატება და შემცივნება;
  • თავისა და კუნთების ტკივილი;
  • ძლიერი დაღლილობა და საერთო სისუსტე;
  • ხველა;
  • ყელის ტკივილი;
  • სურდო ან სუნთქვის გართულება.

ზოგჯერ, განსაკუთრებით ბავშვებში, გრიპს შესაძლოა თან ახლდეს ღებინება და დიარეა.

გრიპის დროს მომატებული ტემპერატურა ხშირად 2-5 დღის განმავლობაში ნარჩუნდება. სიმპტომები, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღეში იწყებს შემსუბუქებას, თუმცა სრულ გამოჯანმრთელებას შესაძლოა 1-2 კვირა დასჭირდეს. სისუსტე და დაღლილობა კი  უფრო დიდხანსაც გრძელდება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გრიპი ყოველთვის მაღალი ტემპერატურით არ მიმდინარეობს –  ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა სიცხე საერთოდ არ ჰქონდეს.

როგორ ვრცელდება გრიპის ვირუსი?

გრიპი გადამდები ინფექციაა, რომელიც ძირითადად ინფიცირებული ადამიანის სუნთქვის, საუბრის, ხველისა და ცემინების დროს გამოყოფილი რესპირატორული ნაწილაკებით ვრცელდება.

ვირუსის გავრცელების რისკი განსაკუთრებით იზრდება დახურულ, ხალხმრავალ და არასაკმარისად განიავებულ სივრცეებში.

ინფიცირება შესაძლებელია ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირთან შეხების შემდეგაც, თუ ადამიანი დაუბანელი ხელით პირს, ცხვირს ან თვალებს შეეხება, თუმცა ეს გადაცემის ნაკლებად გავრცელებული გზაა.

ვისთვის არის გრიპი განსაკუთრებით საყურადღებო?

გრიპის გართულებები ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს, თუმცა დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკი განსაკუთრებით მაღალია:

  • 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით 2 წლამდე;
  • 65 + ასაკის ადამიანებში;
  • ორსულებში;
  • ქრონიკული დაავადებების, მათ შორის ასთმის, დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებში;
  • დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში.

გრიპის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სერიოზული გართულება პნევმონიაა – ფილტვების ანთება, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.

როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან?

გრიპის პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ყოველწლიური ვაქცინაციაა. ვაქცინა ამცირებს გრიპით დაავადებისა და მისი მძიმე მიმდინარეობის რისკს.

ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ასევე რეკომენდებულია:

  • ხელების რეგულარული დაბანა საპნით და წყლით;
  • ინფიცირებულ ადამიანებთან ახლო კონტაქტის შეზღუდვა;
  • დახურული სივრცეების რეგულარული განიავება;
  • ხალხმრავალ გარემოში, განსაკუთრებით მაღალი რისკის პირობებში,  პირბადის გამოყენება;
  • ხველისა და ცემინების დროს პირისა და ცხვირის დაფარვა;
  • დაავადების სიმპტომების არსებობისას სახლში დარჩენა.

რესპირატორული ინფექციის დროს რეკომენდებულია სახლში დარჩენა მანამ, სანამ მდგომარეობა  არ გაუმჯობესდება და სიმპტომები არ შემსუბუქდება – სულ მცირე 24 საათის განმავლობაში სიცხე აღარ უნდა გვქონდეს, სიცხის დამწევი პრეპარატების გარეშე. ამის შემდეგ, მომდევნო 5 დღის განმავლობაში, სასურველია დამატებითი სიფრთხილის ზომების დაცვა, რათა შემცირდეს ინფექციის სხვა ადამიანებზე გავრცელების რისკი.

როგორ მოვიქცეთ გრიპის სიმპტომების გამოვლენისას?

გრიპის მსუბუქი მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია დასვენება, საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება და სიმპტომების შემსუბუქება შესაბამისი პრეპარატებით, ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

ზოგჯერ  ექიმმა შესაძლოა ანტივირუსული მკურნალობა დანიშნოს. ასეთი პრეპარატები განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც მკურნალობა სიმპტომების დაწყებიდან პირველ 48 საათში იწყება. მძიმე დაავადების ან გართულებების მაღალი რისკის შემთხვევაში მკურნალობის დაწყება მოგვიანებითაც შეიძლება სასარგებლო იყოს.

გაითვალისწინეთ, ანტიბიოტიკები გრიპის ვირუსზე არ მოქმედებს!  მათი გამოყენება მხოლოდ შესაბამისი ბაქტერიული გართულების არსებობის შემთხვევაში, ექიმის გადაწყვეტილებით არის მიზანშეწონილი.

თუ პაციენტს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ტკივილი, ცნობიერების ცვლილება, გაუწყლოების ნიშნები ან მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, აუცილებელია დაუყოვნებელი სამედიცინო შეფასება.

ბავშვებში განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს გახშირებული ან გაძნელებული სუნთქვა, სითხის არასაკმარისი მიღება, უჩვეულო ძილიანობა, კანის მოლურჯო შეფერილობა ან მდგომარეობის გაუარესება თავდაპირველი გაუმჯობესების შემდეგ.

გართულებების მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების, ორსულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, რეკომენდებულია ექიმთან დაკავშირება, გრიპისთვის დამახასიათებელი პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე.

როდის არის საჭირო გრიპზე ტესტირება?

გრიპის დიაგნოზი ხშირად პაციენტის სიმპტომებისა და კლინიკური შეფასების საფუძველზე ისმება. თუმცა, რადგან გრიპის სიმპტომები სხვა რესპირატორული ინფექციების ნიშნებს ჰგავს, ზოგიერთ შემთხვევაში დაავადების გამომწვევი ვირუსის დასადგენად ლაბორატორიული კვლევაა საჭირო.

ტესტირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გართულებების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებში, ხანდაზმულებში, ორსულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში.

ლაბორატორიული კვლევა ექიმს ეხმარება გრიპისა და სხვა რესპირატორული ინფექციების ერთმანეთისგან განსხვავებაში, დიაგნოზის დაზუსტებასა და შესაბამისი მკურნალობის შერჩევაში.

კვლევის ჩატარების საჭიროებას ექიმი პაციენტის სიმპტომების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გართულებების რისკის გათვალისწინებით განსაზღვრავს.

გრიპის დიაგნოსტიკისთვის ძირითადად ორი ტიპის კვლევა გამოიყენება:

ანტიგენის გამოსავლენი კვლევები  –  ადგენს ვირუსის ცილების არსებობას. ამ მეთოდით შესაძლებელია პასუხის სწრაფად მიღება, თუმცა ის მოლეკულურ კვლევებთან შედარებით ნაკლებად მგრძნობიარეა.

კვლევისთვის ნიმუშის აღება, როგორც წესი, ცხვირიდან ან ცხვირ-ხახიდან სპეციალური ტამპონის საშუალებით ხდება.

ანტიგენის დადებითი ტესტი, როგორც წესი, ვირუსის არსებობაზე მიუთითებს. უარყოფითი პასუხი კი ინფექციას ყოველთვის არ გამორიცხავს, რადგან შესაძლებელია ცრუ უარყოფითი შედეგის მიღებაც. 

საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა დამატებითი მოლეკულური კვლევის ჩატარება გადაწყვიტოს.

მოლეკულური კვლევები (მათ შორის PCR)  – ადგენს ვირუსის გენეტიკური მასალის არსებობას და მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევა.

 რესპირატორული პანელის კვლევა მრჩეველში

 “მრჩეველში” ხელმისაწვდომია რესპირატორული პანელის სკრინინგული კვლევა, რომელიც მოიცავს:

  • გრიპის A ტიპის ანტიგენის კვლევას;
  • გრიპის B ტიპის ანტიგენის კვლევას;
  • SARS-CoV-2-ის (COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის) ანტიგენის კვლევას.

კვლევის ჩატარება შესაძლებელია როგორც სამედიცინო ლაბორატორია “მრჩეველის” ფილიალებში, ისე ბინაზე ლაბორატორიული მომსახურების გამოძახებით. 0322 93 10 00; 599 93 10 00

ბავშვებისთვის კვლევა ასევე ხელმისაწვდომია “მრჩეველის” პედიატრიულ და ფსიქოლოგიურ სამსახურში და პედიატრის ბინაზე ვიზიტისას. 0322 22 03 30; 0322 99 66 92

საჭიროების შემთხვევაში, “მრჩეველში“ ასევე შესაძლებელია მოლეკულური კვლევის (PCR) ჩატარება, რომელიც დამატებით მოიცავს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის (RSV) გამოვლენას.

 

 

მშობლის / მეურვის მონაცემები

მოზარდის (მონაწილის) მონაცემები

არის თუ არა მონაწილე ნამყოფი „მრჩეველში“ პედიატრთან კონსულტაციაზე?
დაჯავშნე რიგი
ლაბორატორიაში