ზრდის ტკივილები ბავშვებში ფეხების პერიოდული ტკივილის გავრცელებული ფორმაა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ეს მდგომარეობა არ ზღუდავს ბავშვის ყოველდღიურ აქტივობას, გავლენას არ ახდენს მის ფიზიკურ განვითარებაზე და ასაკის მატებასთან ერთად თავისთავად ქრება.
ზრდის ტკივილები, ჩვეულებრივ, 3-5 წლის ასაკში იწყება და 10-12 წლისთვის სრულად ქრება. დიაგნოზის დასასმელად აუცილებელი პირობაა ტკივილის განმეორებადი ეპიზოდების არსებობა სულ მცირე 3 თვის განმავლობაში.

კლინიკური ნიშნები
- ტკივილი პერიოდულია, სრულად უმტკივნეულო დღეებით;
- მას ორმხრივი ხასიათი აქვს და შესაძლოა ერთი ფეხიდან მეორეზე გადაინაცვლოს. მტკივნეული ზონები ძირითადად კუნთებში – წვივის, ბარძაყისა და მუხლისქვეშა არეში ვლინდება;
- იწყება ძირითადად საღამოს ან ღამით და ხშირად ბავშვს აღვიძებს;
- ეპიზოდები არ ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, ხოლო ეპიზოდებს შორის პერიოდში ფიზიკალური გასინჯვის შედეგები სრულად ნორმალურია;
- ტკივილს ხშირად წინ უძღვის დღის განმავლობაში ჭარბი ფიზიკური დატვირთვა, გადაღლა ან ძლიერი ემოციური ფონი.
როგორ შევუმსუბუქოთ ბავშვს დისკომფორტი?
ტკივილის შესამსუბუქებლად და ბავშვის დასამშვიდებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი მეთოდები:
- ფეხების მსუბუქი მასაჟი;
- თბილი აბაზანა ან თბილი საფენი მტკივნეულ კუნთებზე;
- ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები – ძლიერი ტკივილის შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციით, ბავშვის ასაკისა და წონის მიხედვით დოზირებული მედიკამენტი (მაგალითად, პარაცეტამოლი ან იბუპროფენი).
საყურადღებო ნიშნები:
მიმართეთ ექიმს, თუ ტკივილს თან ახლავს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:
- ცალმხრივი ან მუდმივად ერთი და იმავე კონკრეტულ წერტილში გამოხატული ტკივილი;
- კოჭლობა, დღისით მოძრაობის ან ყოველდღიური აქტივობის შეზღუდვა;
- სახსრის შეშუპება, სიმხურვალე ან სიწითლე;
- სისტემური ნიშნები: ცხელება, წონის აუხსნელი კლება, მუდმივი დაღლილობა და სისუსტე.

ზრდის ტკივილების დიაგნოზი გამორიცხვის პრინციპს ეფუძნება და ანამნეზისა და სრული ფიზიკალური გასინჯვის საფუძველზე ისმება. ნებისმიერი საყურადღებო ნიშნის გამოვლენისას აუცილებელია დაუყოვნებლივი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, ასევე ბავშვთა რევმატოლოგის კონსულტაცია.
ინფორმაცია ზრდის ტკივილების შესახებ მომზადებულია სამედიცინო ლაბორატორია „მრჩეველის” ბავშვთა რევმატოლოგის, ალექსანდრე თავაძის მიერ.
ჩაეწერე ექიმთან