ხშირად რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოსტიკა სისხლში რკინის კონცენტრაციის განსაზღვრით იწყება, თუმცა მხოლოდ რკინის განსაზღვრა, ჩვეულებრივ, არ არის რკინადეფიციტური ანემიის პირველი და სანდო მაჩვენებელი, რადგან:
შრატის რკინა – არასტაბილური პარამეტრია:
- შრატის რკინის დონე, ერთსა და იმავე ადამიანშიც, მნიშვნელოვნად მერყეობს დღის განმავლობაში (დილით უფრო მაღალია, საღამოს – დაბალი);
- რკინის კონცენტრაციაზე გავლენას ახდენს – კვება, სტრესი, ინფექციები, მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რკინის შემცველი მედიკამენტები ან საკვები დანამატები;
- ჰემოლიზი მნიშვნელოვნად ცვლის კვლევის შედეგს;
შრატის რკინა არასპეციფიკური პარამეტრია და ზუსტად არ ასახავს ორგანიზმში რკინის ნაკლებობასა და მარაგს:
- შრატის რკინის კონცენტრაცია შეიძლება ნორმალური იყოს რკინის დეფიციტის ადრეულ სტადიაზე (რკინის ნაკლებობის „გვიანი“ მარკერია);
- შრატის რკინის დაბალი დონე ყოველთვის არ ნიშნავს რკინადეფიციტურ ანემიას;
- შრატის რკინის ნორმის ფარგლების დიაპაზონი „ფართოა“;
შრატის რკინის ერთადერთ მარკერად გამოყენება არ არის რეკომენდებული:
- ის გამოიყენება, როგორც დამხმარე კვლევა, რკინის დეფიციტის, მარაგისა და რკინის სიჭარბით მიმდინარე დარღვევების დიაგნოსტიკისა და მეთვალყურეობისთვის.
რკინადეფიციტური ანემიის დადგენა ეტაპობრივად უნდა მოხდეს: სისხლის საერთო ანალიზი, რეტიკულოციტები, ფერიტინი და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი კვლევები.