ჯაბა ზარქუა არის გასტროენტეროლოგი და ჰეპატოლოგი, რომლის პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების, ნაწლავის ანთებითი დაავადებებისა და ღვიძლის პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მართვა. სამედიცინო ცენტრ „მრჩეველს“ 2012 წელს შეუერთდა. კლინიკურ პრაქტიკასთან ერთად აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობაში.
მნიშვნელოვანი კლინიკური გამოცდილება ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში მიიღო, სადაც ჰეპატოლოგიური სერვისებს აკვირდებოდა. ორჯერ იმყოფებოდა ლონდონში King’s College Hospital-ში დამკვირვებლის სტატუსით, სადაც გაეცნო ნაწლავის ანთებითი დაავადებების (IBD) მართვის მულტიდისციპლინურ მოდელს, რომელშიც ერთობლივად არიან ჩართული IBD-სპეციალისტი ექიმები, სპეციალიზებული ექთნები, ქირურგები, დიეტოლოგები და ენდოსკოპისტები. ამ გამოცდილებამ მნიშვნელოვნად შეცვალა მისი პროფესიული ხედვა და გადაწყვიტა, თავისი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში ნაწლავის ანთებითი დაავადებების მართვის განვითარებისთვის დაეთმო. ლონდონში მიღებული გამოცდილების საფუძველზე საქართველოში დანერგა ამ დაავადებების მულტიდისციპლინური მართვის თანამედროვე მიდგომები, შეკრიბა სხვადასხვა სპეციალობის პროფესიონალთა გუნდი და აქტიურად დაიწყო თანამედროვე ბიოლოგიური აგენტებისა და სხვა ინოვაციური მკურნალობის მეთოდების გამოყენება. ასევე დააფუძნა საქართველოს კრონისა და კოლიტის ორგანიზაცია (GeCCO) და ხელი შეუწყო ნაწლავის ანთებითი დაავადებების მქონე პაციენტების გაერთიანებას.
ჯაბა ზარქუას პროფესიულ ინტერესებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნეიროგასტროენტეროლოგიას – გასტროენტეროლოგიის მიმართულებას, რომელიც შეისწავლის საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ნერვული სისტემის ურთიერთკავშირს. ამ სფეროს მიმართ მისი ინტერესი კიდევ უფრო გააღრმავა ლონდონში, Royal London Hospital-ში მიღებულმა გამოცდილებამ, სადაც გაეცნო ნეიროგასტროენტეროლოგიური პრაქტიკის მულტიდისციპლინურ მოდელს, რომელშიც გასტროენტეროლოგისა და ფსიქიატრის მჭიდრო თანამშრომლობა მკურნალობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ამ გამოცდილებამ განამტკიცა მისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებთან მუშაობის, ნეირომოდულატორების გამოყენებისა და ფსიქიატრებთან და ფსიქოთერაპევტებთან მულტიდისციპლინური თანამშრომლობის მიმართულებით.
მისი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს ასევე ჰეპატოლოგია წარმოადგენს. იყო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სამეცნიერო საბჭოს წევრი და აქტიურად მონაწილეობდა პროგრამის განხორციელებისას წარმოქმნილი კლინიკური და სამეცნიერო საკითხების გადაწყვეტაში. არის არაერთი ჰეპატოლოგიური პუბლიკაციის თანაავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია დარგის წამყვან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.
კლინიკური და სამეცნიერო მუშაობის მიღმა, ჯაბა ზარქუასთვის, ისევე როგორც „მრჩეველის“ ყველა ექიმისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ის მუდმივად ღიაა კომუნიკაციისთვის და გასტროენტეროლოგიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ყოველთვის აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ მის პრაქტიკულ გამოცდილებას.
ჩაეწერე ექიმთან