სალომე გოგლიძე არის კლინიკური ნუტრიციოლოგი, რომლის პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სხვადასხვა მეტაბოლური და გასტროენტეროლოგიური მდგომარეობის კვებითი მართვა და ნუტრიციული მხარდაჭერა. სამედიცინო ცენტრ „მრჩეველს“ 2025 წელს შეუერთდა. კლინიკურ საქმიანობასთან ერთად აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობაში.
მისი პროფესიული ინტერესი ნუტრიციოლოგიის მიმართ ადრეული ასაკიდან დაიწყო, როდესაც მაცივრის მაგნიტის უკან გაკრულმა მორიგმა ერთგვერდიანმა დიეტამ, რომელიც „სასწაულებრივ“ კლებას ჰპირდებოდა, არასასიამოვნო პირადი გამოცდილება დაუტოვა. სწორედ ამ გამოცდილებამ განსაზღვრა სალომეს პროფესიული მომავალი და ჩამოაყალიბა პასუხები მთავარ კითხვაზე: როგორი უნდა იყოს კვება, რომელიც სასურველ შედეგს მოგვცემს და ამავდროულად იქნება გემრიელი, კომფორტული და, რაც მთავარია, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, სალომემ კლინიკურ ნუტრიციოლოგიაში მაგისტრის ხარისხი შოტლანდიაში, University of Aberdeen-ში მოიპოვა. აბერდინის უნივერსიტეტში მიღებულმა განათლებამ და საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილებამ ჩამოაყალიბა მისი პროფესიული ხედვა, რომლის მიხედვითაც ნუტრიციოლოგია არა მხოლოდ კალორიების დათვლა, არამედ კომპლექსური მეცნიერებაა, რომელიც მჭიდრო კავშირშია პაციენტის ცხოვრების ხარისხთან.
პროფესიულ განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ავსტრალიის Monash University-ში მიღებულმა გამოცდილებამ, სადაც სიღრმისეულად შეისწავლა გასტროენტეროლოგიური დაავადებების მართვა კვებითი თერაპიის, მათ შორის დაბალი FODMAP დიეტის, და კვებითი ქცევის დარღვევების კუთხით. ამ გამოცდილებამ გააღრმავა მისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის (IBS), ნაწლავის ანთებითი დაავადებების (IBD) და კვებითი ქცევის დარღვევების მართვის მიმართულებით.
სალომე გოგლიძისთვის ნუტრიციოლოგია მულტიდისციპლინური სფეროა. სწორედ ამ ხედვით დააფუძნა და სათავეში ჩაუდგა საქართველოს პარენტერული და ენტერალური კვების საზოგადოებას (GSPEN). მისი მიზანია საქართველოში კლინიკური ნუტრიციოლოგიის სტანდარტების განვითარება და ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალების გაერთიანება. როგორც ევროპის კლინიკური ნუტრიციოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის (ESPEN)-ის წევრი, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობაში.
კლინიკურ საქმიანობასთან ერთად სალომე აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო კვლევაში. მისი კვლევითი ინტერესები უკავშირდება საქართველოში არსებულ აქტუალურ გამოწვევებს. სამაგისტრო ნაშრომი ეხება ქვეყანაში სიმსუქნის მართვის თავისებურებებსა და ამ მიმართულებით არსებულ ბარიერებს. ასევე არის პუბლიკაციის თანაავტორი, რომელიც შეისწავლის კვებითი ქცევის დარღვევის (ARFID) გავრცელებას გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის (IBS) მქონე პაციენტებში. ეს კვლევები ასახავს მის ინტერესს ნუტრიციოლოგიასა და ფსიქოლოგიას შორის არსებული კავშირების მიმართ.
უშუალოდ კლინიკური საქმიანობის მიღმა, სალომესთვის უმნიშვნელოვანესია პაციენტის მოტივაციის პოვნა. მიიჩნევს, რომ რამდენი ადამიანიცაა, იმდენივე „კვების პოლიტიკა“ უნდა არსებობდეს. მისი მიდგომა ემპათიური და ინდივიდუალურია – ის ეხმარება ადამიანებს, ცვალებადი გარემო ფაქტორების პირობებში იპოვონ საკუთარი, ჯანსაღი და გემრიელი გზა.
ჩაეწერე ექიმთან