გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ბუნებაში ყოფნისას ტკიპის ნაკბენის რისკი იმატებს. ეს პარაზიტები შესაძლოა, ბაქტერია Borrelia-ს გადამტანები იყვნენ, რომელიც ბორელიოზს, იგივე ლაიმის დაავადებას იწვევს. ეს არის სისტემური დაავადება, რომელიც საწყის ეტაპზე მხოლოდ კანზე ვლინდება, მკურნალობის გარეშე კი, დროთა განმავლობაში, აზიანებს სახსრებს, ნერვულ სისტემასა და სხვა ორგანოებს.
ტკიპის ნაკბენი ყოველთვის არ ნიშნავს ინფიცირებას. ბაქტერიის გადაცემის ალბათობა მინიმალურია, თუ მას სწორად და კბენიდან პირველი 36-48 საათის განმავლობაში მოვიცილებთ. ლაბორატორიული კვლევების ჩატარება საჭიროა მხოლოდ პარაზიტის დაგვიანებული მოცილებისას ან კბენის შემდგომ საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.
როგორ მოვაშოროთ ტკიპა სწორად?

- გამოიყენეთ წვრილწვერიანი პინცეტი, შეგიძლიათ ხელითაც მოაშოროთ (გაიკეთეთ ერთჯერადი ხელთათმანი)
- მოსჭიდეთ პინცეტი (ან თითები) ტკიპას რაც შეიძლება ახლოს კანთან
- ნელა, მაგრამ მტკიცედ და თანაბარი ძალით მოქაჩეთ ზემოთ (პერპენდიკულარულად)
- არ ატრიალოთ და არ მოქაჩოთ მკვეთრად
მოსაშორებლად არ გამოიყენოთ:
- ზეთი
- სპირტი
- საცხი/ვაზელინი
- ასანთი ან ცეცხლი
- არ მოუჭიროთ ტკიპას მუცელზე. ამ მეთოდებმა შეიძლება გაზარდოს ინფიცირებული სითხის გამოყოფის რისკი.
ნაკბენი ადგილის დამუშავება:
- ტკიპის მოცილების შემდეგ, ნაკბენი ადგილი დაიბანეთ საპნითა და წყლით და/ან ანტისეპტიკით, მაგალითად ბეტადინით
- დაიბანეთ ხელები.
თუ კანში ტკიპის ნაწილი ჩარჩა:
თუ კანში ხორთუმის მცირე ნაწილი დარჩა, ხშირ შემთხვევაში ის რამდენიმე დღეში თავისით მოცილდება. ნაკბენი ადგილის გაწითლების, დაჩირქების ან ტკივილის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
გადაუღეთ სურათი:
გადაუღეთ მოცილებულ ტკიპას ფოტო რამდენიმე მხრიდან და გაუგზავნეთ ექიმს ან პედიატრს. პრევენციისთვის სპეციალისტმა შესაძლოა დაგინიშნოთ ერთჯერადად დასალევი მედიკამენტი
დაკვირვების პერიოდი: მიგრირებადი ერითემა
ტკიპის მოცილების შემდეგ, ყურადღებით დააკვირდით ბავშვის ან ზრდასრულის მდგომარეობას მომდევნო 30 დღის განმავლობაში.
დაავადების პირველი კლინიკური სიმპტომია მიგრირებადი ერითემა – ნაკბენის გარშემო ვარდისფერი/წითელი, მრგვალი ფორმის მზარდი ლაქა (ხშირად სამიზნის ან „ხარის თვალის“ ფორმის).
თუ ეს ელემენტი კანზე ტკიპის მოცილებიდან 3 დღის შემდეგ გამოჩნდა, ლაბორატორიული ანალიზების ჩატარებას აზრი არ აქვს – დიაგნოზი ისმება ანალიზის გარეშე და დაუყოვნებლივ იწყება მკურნალობა.
მიმართეთ ექიმს, თუ 30 დღეში განვითარდა ნებისმიერი სხვა სიმპტომი:
- ცხელება
- სისუსტე
- თავის ტკივილი
- კუნთების/სახსრების ტკივილი
- გამონაყარი
- სახის კუნთების სისუსტე ეს შეიძლება იყოს ტკიპით გადამდები ინფექციის ნიშნები (მაგ., Lyme disease).
ბორელიოზის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ეტაპები და ვადები:
თუ კლინიკური ნიშნები არ ვლინდება, მაგრამ არსებობს ბორელიოზის საფუძვლიანი ეჭვი, დიაგნოსტიკისთვის ორეტაპიანი სეროლოგიური კვლევა ტარდება.
გაითვალისწინეთ: კბენიდან პირველი 1-2 კვირის განმავლობაში კვლევების ჩატარება არაეფექტურია, რადგან იმუნურ სისტემას ანტისხეულების (IgM და IgG) გამომუშავებისთვის დრო სჭირდება.
|
პერიოდი ნაკბენიდან |
რეკომენდებული კვლევა |
ტესტის ტიპი და მიზანი |
მნიშვნელოვანი შენიშვნა |
|
0 – 2 კვირა |
კვლევა არ არის რეკომენდებული |
სეროლოგიური ტესტები ამ დროს უარყოფითია. | კლინიკური დიაგნოზი: თუ ნაკბენიდან მესამე დღეს გამოჩნდა მზარდი წითელი ლაქა (მიგრირებადი ერითემა), დიაგნოზი ისმება ანალიზის გარეშე და დაუყოვნებლივ იწყება მკურნალობა. |
|
2 – 4 კვირა |
I ეტაპი: სისხლის სეროლოგია (IgM) | ELISA ან CLIA მეთოდი: განსაზღვრავს ადრეულ ანტისხეულებს (IgM). | IgM ინფექციის ადრეული მაჩვენებელია. ამ პერიოდში უარყოფითი პასუხი სრულად ვერ გამორიცხავს ბორელიოზს, ამიტომ საეჭვო კლინიკური სურათის არსებობისას ტესტირება მეორდება 1–2 კვირაში. |
|
4 – 6 კვირა |
I ეტაპი: სისხლის სეროლოგია (IgM და IgG) | ELISA ან CLIA მეთოდი: ფასდება როგორც ადრეული (IgM), ისე გვიანი/ხანგრძლივი ანტისხეულები (IgG). | ეს არის სეროლოგიური ტესტირებისთვის ყველაზე ოპტიმალური “ფანჯარა”, როდესაც ანტისხეულების კონცენტრაცია პიკშია. |
|
ნებისმიერ დროს (პირველი ეტაპის დადებითი/საეჭვო პასუხისას) |
I I ეტაპი: დადასტურება (Confirmative test) | Western Blot (იმუნობლოტინგი): მაღალსპეციფიკური მეთოდი, რომელიც შლის ანტისხეულებს ცალკეულ ცილოვან ფრაქციებად. | ოქროს სტანდარტი: კეთდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველი ეტაპი (ELISA) დადებითია ან საეჭვოა. პირდაპირ Western Blot-ის გაკეთება პირველ ეტაპად არ არის რეკომენდებული. |
|
გვიანი ეტაპი (თვეების/წლების შემდეგ) |
გვიანი ლაიმის დიაგნოსტიკა (IgG) | ELISA + Western Blot (მხოლოდ IgG): ნეირობორელიოზის ან ლაიმ-ართრიტის დროს. | ინფექციის გვიან სტადიაზე IgM ანტისხეულები უკვე ქრება, რის გამოც დიაგნოსტიკური მნიშვნელობა მხოლოდ IgG ფრაქციას აქვს. |
როგორ დავიცვათ თავი მომავალში?
- მუდმივი დათვალიერება: ბუნებაში ყოფნის შემდგომ, აუცილებელია როგორც ბავშვების, ისე ზრდასრულების კანის დეტალური შემოწმება.
- განსაკუთრებული ზონები: ტკიპებს უყვართ თბილი და ფარული ადგილები ყურების უკან, თმის ხაზთან, იღლიებში, საზარდულში, მუხლების უკან და ჭიპში.
- ჰიგიენა: ბუნებიდან დაბრუნებისთანავე გამოიცვალეთ ტანსაცმელი.
- დაცვა: საჭიროებისას, ბუნებაში გასვლამდე გამოიყენეთ ასაკისთვის შესაბამისი რეპელენტი (კოღოს საწინააღმდეგო სპრეი)
რეკომენდაციები მომზადებულია „მრჩეველის“ პედიატრ თაკო ძაგანიას მიერ, შემდეგი სახელმძღვანელოების მიხედვით: Centers for Disease Control, American Academy of Pediatrics, Infectious Diseases Society of America, CDC, IDSA, Clinical Microbiology Reviews.