ულტრასონოგრაფიული კვლევა დოპლეროგრაფიით
21 მარტი, 2024
მუცლის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფიული კვლევა მოიცავს:
ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, სანაღვლე გზების, პანკრეასის და ელენთის ულტრაბგერით ვიზუალიზაციას. ასევე ღვიძლის სისხლძარღვების, კერძოდ კარის ვენაში სისხლის მიმოქცევის პარამეტრების განსაზღვრას ანუ დოპლერგრაფიას. გამოკვლევა რეკომენდებულია ჩატარდეს უზმოდ, ან საკვების მიღებიდან 7-8 საათიანი ინტერვალის შემდეგ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება წყლის ან მედიკამენტების მიღებაზე. კვლევის ხანგძლივობა შეადგენს დაახლოებით 30 წუთს და არ მოიცავს ინვაზიურ ან მტკივნეულ პროცედურებს.
ულტრაბგერითი კვლევები ჩვენს კლინიკაში ტარდება Philips-ის თანამედროვე ექოსკოპიის აპარატებით (Affiniti 70G, EPIQ7), რომლებიც აღჭურვილია ახალი PureWave ტიპის, დაბალი და მაღალი სიხშირის გადამწოდებით, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ მაღალი გარჩევადობის და ხარისხის მქონე გამოსახულება.
ულტრაბგერითი კვლევით შესაძლებელია მუცლის ღრუს აღნიშნული ორგანოების:
ზომების და მოცულობის განსაზღვრა (გადიდება, შემცირება)
ექოგენობის და ექოგამტარებლობის შეფასება (უმეტესად გაცხიმოვნებასთან ასოცირებული პათოლოგიები).
მარცვლოვანება (ძირითადად ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში)
მოცულობითი წარმონაქმნების გამოვლენა (სიმსივნეები).
კენჭოვანი დაავადებების დიაგნოსტირება (ნაღვლის ბუშტში და სანაღვლე გზებში)
გარდა ამისა შესაძლებელია მუცლის ღრუში არსებული თავისუფალი სითხის გამოვლენა (ასციტი); კარის ვენის დოპლერგრაფია ღვიძლში შემავალ სისხლძარღვში ნაკადის მიმართულების და სიჩქარის პარამეტრების განსაზღვრის საშუალებას იძლევა, ამასთანავე ფასდება სანათურის გამავლობა და ხდება თრომბული სტრუქტურების გამოვლენა.
ულტრაბგერითი კვლევა მისი უსაფრთხოების და ხანმოკლე ხანგძლივობის გამო კომფორტულია აღნიშნული პარამეტრების ცვლებების (დინამიკის) მონიტორინგისთვის. ჩვენს კლინიკაში ხდება დოკუმენტაციის წერილობითი და ციფრული მონაცემების არქივირება, როგორც დასკვნების ასლების, ასევე ექოსკოპიური სურათების (ექოგრამების) სახით. ყოველივე ეს გვაძლევს მონაცემების დროის ხანგძლივ ინტერვალში შედარების შესაძლებლობას.