რეტიკულოციტები-ანემიის გასაღები
09 ოქტომბერი, 2024
რეტიკულოციტები - ანემიის გასაღები
ანემიის დიაგნოსტიკა რეტიკულოციტებით იწყება. სისხლის საერთო ანალიზისა და რეტიკულოციტების პარამეტრების კომბინაცია კი ანემიის დიაგნოზისთვის, სრულ სურათს იძლევა.
რეტიკულოციტების კლინიკური მნიშვნელობა:
· ანემიის დიაგნოსტიკა
· ანემიის მკურნალობაზე მეთვალყურეობა
· ძვლის ტვინის, როგორც სისხლმბადი ორგანოს ფუნქციის შეფასება
· ESA-თი (ერითროციტების წარმოქმნის სტიმულაციის პრეპარატები) მკურნალობის ეფექტურობის შეფასება
კვლევა ტარდება როგორც ვენურ, ასევე კაპილარულ სისხლში Sysmex-ის ჰემატოლოგიურ ანალიზატორზე. მსგავსი აპარატებით შეფასებული რეტიკულოციტების რაოდენობა ბევრად უფრო ზუსტია, ვიდრე მიკროსკოპში დათვლილი რეტიკულოციტების რაოდენობა.
თუ სისხლის საერთო ანალიზში არსებული ცვლილებები საჭიროს ხდის რეტიკულოციტების დათვლას, ასეთ შემთხვევაში რეტიკულოციტების დათვლა ხდება იმავე მასალაში, რაშიც ჩატარდა სისხლის საერთო ანალიზი. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია ბავშვთა ასაკში.
რა ინფორმაციას გვაწვდის რეტიკულოციტების პარამეტრები?
· რეტიკულოციტების აბსოლუტური და შეფარდებითი რაოდენობა - რეტიკულოციტების აბსოლუტური რაოდენობა მიუთითებს ძვლის ტვინის მიერ ერითროციტების წარმოქმნის ეფექტურობაზე. გამოისახება %-ში და მიუთითებს ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
· უმწიფარი რეტიკულოციტების ფრაქცია (IRF) - ეს არის რეტიკულოციტის მომწიფების ადრეული სტადია. მისი მატება ერითროპოეზის ყველაზე ადრეული მაჩვენებელია. ამიტომ უმწიფარი რეტიკულოციტების ფრაქცია განსაკუთრებით ინფორმატიულია ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის (ძვლის ტვინის გადანერგვა) დროს.
· რეტიკულოციტების ჰემოგლობინის ექვივალენტი (RET-He) - გამოიყენება რკინა-დეფიციტური ანემიების დიაგნოსტიკისთვის. RET-He-ს მაჩვენებელი 28 პგ-ზე ქვემოთ მიუთითებს რკინა-დეფიციტურ ერითროპოეზზე და რკინის ნაკლებობისას ქვეითდება 48-72 სთ-ში, როდესაც სხვა მარკერები ,მაგ ჰიპოქრომული ერითროციტები,ფერიტინი, ტრანსფერინის გაჯერება და ტრანსფერინის ხსნადი რეცეპტორები-ქვეითდება- 10-20 დღეში, ხოლო MCV და MCH კი- კვირების შემდეგ.
ბავშვებში რკინის დეფიციტის დიაგნოსტიკაში RET-He უფრო კარგი პროგნოზული ფაქტორია, ვიდრე რკინის დეფიციტის ბიოქიმიური მარკერები.
RET-He ასევე არის რკინის დეფიციტის მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებელი ერთ-ერთი ადრეული მარკერი (48 საათი).
რკინის ფუნქციური დეფიციტის დროს, მაგ:ESA-თი (ერითროციტების წარმოქმნის სტიმულაცია) მკურნალობისას, RET-He რკინის დეფიციტის უკეთესი მარკერია, ვიდრე სხვა ბიოქიმიური მარკერები.
· რეტიკულოციტების პროდუქციის ინდექსი (RPI) - რეტიკულოციტების პროდუქციის ინდექსი (RPI), რომელსაც ასევე უწოდებენ რეტიკულოციტების კორეგირებულ რაოდენობას, არის გამოთვლილი პარამეტრი, რომელიც გამოიყენება ანემიის დიაგნოსტიკაში. RPI-ს გამოთვლა აუცილებელია ანემიის დროს, რადგან ამ დროს პაციენტის სისხლში ერითროციტების შემცირებული რაოდენობის ფონზე, რეტიკულოციტების წილი (%) შეცდომით არის მომატებული.
.