GEO
facebook
 

ცოფის სერტიფიკატი

მხოლოდ ჩვენს ლაბორატორიაში შეგიძლიათ ჩაუტაროთ თქვენს საყვარელ ცხოველებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეფექტურობის დამადასტურებელი ანტისხეულების ტიტრის კვლევა და მიიღოთ ოფიციალური საბუთი ცხოველის ცოფისგან დაცვის შესახებ, რომლის გარეშეც შეუძლებელია ცხოველის გაყვანა საზღვრებს გარეთ. შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია ჩვენი პარტნიორი ლაბორატორიის შესახებ, რომელიც ევროკავშირის უმეტესი ქვეყნების მიერ ავტორიზებულია ცხოველებში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად იმუნიტეტის ხარისხის შეფასებისთვის (EU: 2004/233/EG).

რა არის ცოფი 

ცოფი ნეიროტროპული ვირუსით (რაბდოვირუსების ოჯახი) გამოწვეული ინფექციური დაავადებაა. ცოფის ვირუსით თბილსისხლიანი ცხოველები და ადამიანები ინფიცირდებიან. აღნიშნული ვირუსით დაავადების თითქმის ყველა შემთხვევა ლეტალურად მთავრდება.

ცოფი გავრცელებულია თითქმის ყველა ქვეყანაში. გამონაკლისია ავსტრალია, ახალი ზელანდია, გაერთიანებული სამეფო, შვედეთი, ნორვეგია. აღნიშნულ ქვეყნებში ცხოველების იმპორტი მკაცრად რეგულირდება სახელმწიფოს მიერ.

ცოფის ვირუსით ინფიცირებისას ინკუბაციური პერიოდი 2 კვირიდან 3 თვემდეა, ადამიანებში იშვიათად შესაძლებელია გახანგრძლივდეს რამდენიმე წელიწადს.

კლინიკური სიმპტომები

 მრავალფეროვანია: ხასიათდება ქცევის ცვლილებებით  (მოუსვენრობა, აგრესიულობა, კბენა), გაძლიერებული ნერწყვდენით. დაავადების ბოლო სტადიაში ხდება სახის, გულმკერდისა და კიდურების კუნთების პარალიზება. დაინფიცირებიდან მეორე-მეათე დღეს, სასუნთქი სისტემის პარალიზების გამო, პაციენტი კვდება. ცოფზე ეჭვის შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა შეატყობინონ შესაბამის სამსახურებს.

ეპიდემიოლოგია 

ვირუსის გადაცემა ხდება დაინფიცირებული ცხოველის კბენით ან ნაკაწრი ჭრილობით, ასევე ღია ჭრილობისა და ლორწოვანი  გარსის შეხებით ვირუსის შემცველ სითხესთან (მაგ., ნერწყვი). მას შემდეგ, რაც ვირუსი შეიჭრება პერიფერიულ ნერვში, ვირუსის კაფსიდები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ცენტრიპეტალურად ვრცელდება.

მანეიტრალიზებელი ანტისხეულები ორგანიზმში მხოლოდ უშუალოდ კლინიკური ნიშნების გამოვლენის წინ ჩნდება.

დიაგნოზი

ცოფის სარწმუნო დიაგნოსტირება არ არის შესაძლებელი in vivo. კანის ბიოფტატში, რქოვანას ნაცხსა და ნერწყვში ვირუსის აღმოჩენა პჯრ- და იმუნოფლუორესცენციის მეთოდით ხდება, მაგრამ სარწმუნო მხოლოდ დადებითი პასუხია.

ვირუსის აღმოჩენის ყველაზე უტყუარი მეთოდი ცხოველის ან ადამიანის სიკვდილის შემდეგ ტვინის ქსოვილიდან აღებულ ნაცხში პირდაპირი იმუნოფლუორესცენციაა.

მანეიტრალიზებელი ანტისხეულების კვლევა სისხლის შრატში დიაგნოზისთვის ან საეჭვო შემთხვევაში ცოფის დიაგნოზის გამორიცხვისთვის არ გამოიყენება. აღნიშნული ანტისხეულების სისხლში კვლევის შედეგად, ცოფის ვაქცინით აცრილი ადამიანისა და ცხოველის იმუნიტეტის ხარისხის შეფასება ხდება. სისხლის შრატში აღნიშნული ანტისხეულების ტიტრი "> 0.5 IU/ml- ზე" ცოფის მიმართ არსებულ იმუნიტეტზე მიუთითებს.

რა არის საჭირო ცხოველების იმპორტ-ექსპორტისთვის ევროპის ქვეყნებში? 

1. 2011 წლის ივლისიდან ევროკავშირში ცხოველების იმპორტისთვის იდენტიფიკაცია დაშვებულია მხოლოდ მიკროჩიპით. იდენტიფიცირება ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების წინ უნდა მოხდეს.

2. მეორე წინაპირობა ცხოვლების იმპორტისთვის – ეს არის ვაქცინაცია ცოფის ინაქტივირებული ვაქცინით, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად. ცხოველის იდენტიფიკაცია უნდა მოხდეს აცრის წინ. ცოფის პირველი ვაქცინაცია 12 კვირის ასაკში ტარდება.

თუ იგეგმება მოგზაურობა და აუცილებელია ანტისხეულების ტიტრის დადგენა, სასურველია, დამატებითი ვაქცინაცია 16 კვირის ასაკში, რათა ტიტრმა 0.5 IU/ml -ს მიაღწიოს.

ზოგიერთ იმპორტიორ ქვეყანაში მოთხოვნაა, რომ აცრიდან სისხლის აღებამდე, ანტისხეულების ტიტრის სანახავად, გარკვეული პერიოდი იყოს გასული.

სისხლი უნდა აიღოს სერთიფიცირებულმა ვეტერინარმა, ექსპორტიორ ქვეყანაში. ანალიზისთვის საჭიროა 0.5 მლ. შრატი, ყველანაირი დანამატების გარეშე. ამ მასალის შენახვა მაცივარში დღეების განმავლობაში  შეიძლება,  -20 გრადუსზე გაყინულის შენახვა კი თვეების განმავლობაშია შესაძლებელი.

ანალიზის ჩასატარებლად უნდა იქნას მითითებული შემდეგი მონაცემები: ცოფის ბოლო აცრის თარიღი, იდენტიფიკაცია. გარდა ამისა, ყველა მასალის კონტეინერზე უნდა იყოს მითითებული ცხოველის საიდენტიფიკაციო ნიშნები (სახელი, ID).

ტიტრის განსაზღვრა უნდა მოხდეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

რეგულაციები ცხოველების იმპორტის შესახებ ნორვეგიაში, შვედეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, მალტასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.

ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში ძაღლებისა და კატების იმპორტისთვის აუცილებელია არა მხოლოდ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, არამედ  სისხლში ცოფის ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრაც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი პროცედურები ანალიზის ჩასატარებლად.

ცხოველების იდენტიფიკაცია:

აუილებელია ზუსტი იდენტიფიკაცია იმპორტამდე,

ვაქცინაცია:

ცხოველი  ქვეყანაში ლიცენზირებული ინაქტივირებული ცოფის ვაქცინით უნდა აიცრას.

მასალა:

ვაქცინაციის შემდეგ ანალიზისთვის სისხლი  ვეტერინარმა ქირურგმა უნდა აიღოს. საჭიროა დაახლოებით 1 მლ. შრატი.

ცხოველის იდენტიფიკაციასთან ერთად, აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ბოლო ვაქცინაციის დრო, რათა გაიცეს შესაბამისი სერტიფიკატი. შეავსეთ ფორმულარი, კონტეინერზე აუცილებლად მიუთითეთ  საიდენტიფიკაციო ინფორმაცია. გაითვალისწინეთ, რომ კონტეინერსა და ფორმულარში ინფორმაცია იდენტური უნდა იყოს.

კვლევა ტარდება ავტორიზებულ ლაბორატორიაში. ტიტრის მაჩვენებელი >0,5 IU/ml ან ტოლი ცოფის მიმართ საკმარის დაცვაზე მიუთითებს და იმპორტის მოთხოვნებს აკმაყოფილებას.

მასალის აღების ვადები:

ნორვეგია, შვედეთი

დროის შუალედი ცოფის საწინააღმდეგო ბოლო ვაქცინაციიდან  ანალიზისთვის სისხლის აღებამდე უნდა იყოს მინიმუმ 120 დღე (ნორვეგიისთვის – მაქსიმუმ 365 დღე). თუ ანტისხეულების ტიტრი მეტია 0,5 IU/ml -ზე, ეს მიუთითებს საკმარის დაცვაზე ცოფის მიმართ. თუ ყველა სხვა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია,  ცხოველის იმპორტი დაუყოვნებლივ, კარანტინის გარეშეა შესაძლებელი.

გაერთიანებული სამეფო, ირლანიდა და მალტა

დროის შუალედი ცოფის საწინააღმდეგო ბოლო ვაქცინაციიდან  ანალიზისთვის სიხლის აღებამდე არ არის დადგენილი. რეკომენდებულია სისხლის აღება ბოლო ვაქცინაციიდან 30 დღის შემდეგ.

თუ ანტისხეულების ტიტრი მეტია 0,5 IU/ml -ზე, ცხოველის იმპორტი შესაძლებელია  შემდეგი 6 თვის განმავლობაში, კარანტინის გარეშე (იმპორტის სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში).

იმპორტი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, რომლებიც ზემოთ მითითებული არ არის

რეკომენდებულია სისხლის აღება ბოლო ვაქცინაციიდან 30 დღის შემდეგ.

თუ ანტისხეულების ტიტრი მეტია 0,5 IU/ml-ზე,  ცხოველის იმპორტი შესაძლებელია შემდეგი 3 თვის განმავლობაში, კარანტინის გარეშე (იმპორტის სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში). პერიოდი 3 თვე ევროკავშირის ქვეყნებში განმეორებით შესვლას არ შეეხება.

ანალიზის შედეგების ინტერპრეტაცია:

ანტისხეულების ტიტრი ნაკლებია 0,5 IU/ml-ზე  – ამ შემთხვევაში უნდა  მოხდეს ცხოველის რევაქცინაცია. რევაქცინაციის შემდეგ (შესაბამისი დროის გათვალისწინებით, რომელიც მოცემულია ზემოთ) საჭიროა სისხლის ხელახლა აღება  და ანალიზის გაკეთება ახალი მასალის საფუძველზე. 

როდესაც ანტისხეულების ტიტრი დამაკმაყოფილებელია, სხვა ტესტების ჩატარება შემდეგ წლებში არ არის საჭირო (თუ ცხოველის ვაქცინაცია რეგულარულად ხდება).

კვლევა ტარდება FAVN (Fluorescent Antibody Virus Neutralization) მეთოდით, ეპიზოოტური დაავადებების საერთაშორისო ოფისის (O.I.E.) რეგულაციების შესაბამისად. ლაბორატორიაში მასალის მიღების შემდეგ კვლევას დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება.