GEO
facebook
 

 

ანალიზის შეკვეთიდან პასუხამდე  

 

თუ ექიმმა ლაბორატორიული კვლევა დაგინიშნათ, ან თავად გსურთ  კვლევის ჩატარება და გადაწყვიტეთ ჩვენს ლაბორატორიას მომართოთ, ალბათ, დაინტერესდებით, რა ეტაპები უნდა გაიაროთ  ანალიზის შეკვეთიდან შედეგის მიღებამდე.

ჩვენს ლაბორატორიაში ანალიზის ჩასატარებლად  წინასწარი  ჩაწერა საჭირო არ არის. ლაბორატორიაში მოსვლისას თან უნდა იქონიოთ ანალიზების ჩამონათვალი, რომელიც ექიმმა დაგინიშნათ  ან თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ.

 

რეგისტრაცია  
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა აუცილებელი არ არის. მისაღებში  გასაუბრების შემდეგ (იწერება პაციენტის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა) გაგიფორმებენ თქვენთვის სასურველ ანალიზს, ამოიბეჭდება შეკვეთის ფორმა, სადაც მითითებულია ჩასატარებელი კვლევის ან კვლევების დასახელება, კვლევისთვის საჭირო მასალა, შტრიხკოდები,  ანგარიშფაქტურა.  დამზადდება სტიკერები თქვენი სახელით, გვარით და დაბადების თარიღით, რათა გამოირიცხოს შეცდომა იდენტიფიკაციისას. აღნიშნული სტიკერები შემდეგ თქვენს სინჯარებს ეკვრება.
სალაროსთან  
ანგარიშფაქტურის საფუძველზე, სალაროში იხდით საჭირო თანხას. გადახდა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით, პლასტიკური ბარათით ან გადარიცხვით. მიიღებთ სალაროს ჩეკს, რომელიც უნდა შეინახოთ ან წარადგინოთ სადაზღვევო კომპანიაში.  ჩეკი დაგჭირდებათ ანალიზის შედეგის წასაღებადაც.
სამანიპულაციოში  
შებრძანდებით მესამე ან მეოთხე სამანიპულაციოში.

  ექიმს გადასცემთ შეკვეთის ფორმებს, სტიკერებს
გამოცდილი ექიმები სარშტედტის ფირმის ერთჯერადი ნემსებითა და სინჯარებით აგიღებენ სისხლს ვენიდან ან თითიდან.

თქვენი თანდასწრებით სინჯარებზე დაეკვრება სტიკერები თქვენი სახელით, გვარით, დაბადების თარიღით. დაეწერება, ასევე, მასალის შეგროვების თარიღი, საათი  და გადაეცემა დასამუშავებელად.

 

აქ თქვენი მონაწილეობა კვლევაში მთავრდება.

მასალის დამუშავება

 

აღებული სისხლის დამუშავება, შესაბამისი მასალის – შრატის ან პლაზმის – მისაღებად,  ცენტრიფუგებში ხდება. პლაზმა სისხლის თხევადი ნაწილია, რომელიც თავისუფალია სისხლის უჯრედებისგან. ეს კი შესაბამისი დროით შესაბამის სიხშირეზე სისხლის ცენტრიფუგირებით  მიიღწევა. პლაზმა მოყვითალო სითხეა, რომელიც ცენტრიფუგირების შემდეგ სინჯარის ზედაპირზე რჩება მაშინ, როდესაც სისხლის უჯრედები ფსკერზე ილექება. შრატი შედედებული პლაზმაა, ანუ იგი, ისევე როგორც პლაზმა, მიიღება ცენტრიფუგირების შედეგად, უბრალოდ, შრატისთვის სისხლის აღება ხდება სპეციალურ სინჯარაში, ანტიკოაგულანტის გარეშე.

შრატის ან პლაზმის მიღების შემდეგ მასალა სატრანსპორტო სინჯარებში გადააქვთ.

აღნიშნულ პროცედურას, სულ მცირე, ორი თანამშრომელი აკონტროლებს, რათა  უზუსტობა გამოირიცხოს. სატრანსპორტო სინჯარებსაც ეკვრება სტიკერები თქვენი მონაცემებით.

ტრანსპორტირება

 
მასალა გერმანიაში, ქალაქ ჰაიდელბერგში, ლიმბახის ლაბორატორიაში, იგზავნება სპეციალური სატრანსპორტო კონტეინერებით, ტრანსპორტირების წესების დაცვით, IATA-ს (International Air Transport Accociation) სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს საბაჟო კანონების მიხედვით, ექსპრესფოსტით.
ჰაიდელბერგი, გერმანია
გერმანიაში ჩასულ ჩვენს ამანათს აეროპორტში ლიმბახის ლაბორატორიის წარმომადგენელი ხვდება. მასალა შეაქვთ ლაბორატორიაში, ახარისხებენ, სინჯარებზე დაკრული შტრიხკოდებით ხდება მათი იდენტიფიკაცია. შემდეგ გზავნიან სპეციალურ განყოფილებებში, სადაც ტარდება ესა თუ ის ანალიზი. კვლევას, როგორც წესი, 2-5 დღე სჭირდება. კვლევის დასრულების შემდეგ ანალიზის შედეგებს სპეციალური პროგრამის, DocNet-ის საშუალებით (რომელიც მოწოდებულია გერმანული მხარის მიერ), ინტერნეტით გვიგზავნიან.
 ანალიზის  შედეგების ვალიდაცია
შემოსული პასუხები გადის ვალიდაციას (მოწმდება პაციენტის  პირადი მონაცემები, შეკვეთილი ანალიზების ჩამონათვალი, ნორმის ფარგლები), შემდეგ ითარგმნება, იბეჭდება, იდება კონვერტში და მხოლოდ ამის შემდეგ გეგზავნებათ შეტყობინება თქვენ მიერ დატოვებულ მობილურის ნომერზე, რომ თქვენი პასუხი შემოსულია.
ანალიზის  შედეგების  გაცემა
პასუხი, თქვენი სურვილისამებრ, შესაძლებელია,  გადმოგეგზავნოთ ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით. პასუხის გატანისას უნდა წარმოადგინოთ გადახდის ჩეკი. ანალიზის შედეგის ტელეფონით გაცემის უფლება არ გვაქვს. ანალიზის შედეგი ტელეფონით მხოლოდ მკურნალ ექიმს შეგვიძლია შევატყობინოთ.